ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ცნობა, რომ დელე ალიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ ინგლისელ ფლეიმეიქერს ფეხბურთიდან წასვლამდე ბევრი მართლაც არ უკლია. ამჟამად ის ვარჯიშობს კომოში, მთავარი გუნდისგან განცალკევებით.
ტოტენჰემის ყოფილი გამთამაშებელი აღარ შედის "ტბისპირელების" გეგმებში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს ის კარიერას, ან საერთოდ გააგრძელებს?! "ბიანკობლუს" მე-8 ნომერმა კალჩოში ჩაატარა მხოლოდ 1 შეხვედრა, მაგრამ ისედაც ნათელი იყო, რომ ერთ დროს ვარსკვლავური ფლეიმეიქერი დიდი ფეხბურთისგან შორს არის.
იყო დრო, როდესაც 29 წლის გამთამაშებლის სატრანსფერო ღირებულება შეადგენდა 100 მილიონ ევროს და ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლებოდა. ალის ფასმა თავის პიკს მიაღწია 2018 წლის მაისში და იმის შემდეგ, 7 წლის მანძილზე მისი ღირებულება 50-ჯერ (!) შემცირდა.
ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ინგლისელი გამთამაშებელი როგორც აღვნიშნეთ, სულ რაღაც 29 წლის არის. რამ განაპირობა დელეს დაღმასვლა? რთული ხასიათი, ფსიქოლოგიური პრობლემები, დამრიგებლებთან კონფლიქტი, ტრავმიანობა და ტკივილგამაყუჩებლებზე დამოკიდებულება.
ამ სირთულეების შედეგად, ლონდონური გუნდის ყოფილმა გამთამაშებელმა კარიერის რეანიმირება ვეღარ შეძლო. მან დაკარგა ყველაფერი, მაგრამ ერთი ოცნება მას მაინც დარჩა: მუნდიალზე თამაში. სწორედ ეს არის ერთადერთი ფაქტორი, რის გამოც სესკ ფაბრეგასის გუნდის მე-8 ნომერი არ მიდის ფეხბურთიდან, მაგრამ ობიექტურად, ის ამ მიზნისგან ძალიან შორს არის.









