ლუკა მოდრიჩი საფეხბურთო სამყაროს გაოცებას აგრძელებს. ლეგენდარული გამთამაშებელი 40 წლის ასაკში ყალიბდება მილანის ლიდერად და ამაზე მისი შედეგები მეტყველებს. კალჩოს მე-2 ტურში ლეჩესთან ხორვატმა ფლეიმეიქერმა გააკეთა ასისტი, ბოლონიასთან შეხვედრაში კი საერთოდ გამარჯვების მომტანი ბურთი შეაგდო.
"როსონერის" გამთამაშებელი იმ მომენტისთვის 40 წლისა და 5 დღის იყო. ისმის კითხვა - არის თუ არა ის ყველაზე ხანდაზმული გოლის ავტორი კალჩოს ისტორიაში? როგორც ირკვევა, იტალიის ჩემპიონატში გვხვდება 5 მოთამაშე, რომელიც გოლის გატანის მომენტში "დიაბოლოს" მე-14 ნომერზე ასაკოვანი იყო.
საუბარია სილვიო პიოლაზე, პიეტრო ვიერჰოვოდზე, ალესანდრო კოსტაკურტაზე, ფაბიო კუალიარელასა და სიის ლიდერზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩზე, რომელიც გოლის გატანის მომენტში 41 წლის, 5 თვისა და 15 დღის იყო. როგორც ვხედავთ, სხვაობა "ბალკანელ კრუიფსა" და შვედ ფორვარდს შორის ერთ წელზე მეტია.
არის თუ არა იმის შანსი, რომ 40 წლის გამთამაშებელმა გადაინაცვლოს პირველ ადგილზე? ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის გოლს გაიტანს 2026/27 წლების სეზონის მეორე ნახევარში, თებერვლის შემდეგ. ხელშემშლელ ფაქტორად შეგვიძლია მოგვევლინოს მოდრიჩის კონტრაქტი, რომელიც გათვლილია ერთ სეზონზე, მაგრამ ეს ხელშეკრულება გახანგრძლივების პერსპექტივით არის.









