სერია ა-ს 21-ე ტურში ტურინის იუვენტუსი სტუმრად სენსაციურად დამარცხდა კალიარისთან, ანგარიშით 0:1. აღსანიშნავია, რომ "ბიანკონერიმ" სარდინიელებთან შეხვედრაში ანტირეკორდი დაამყარა. ის გახდა პირველი გუნდი იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც თამაში წააგო ბურთის ფლობის 78%-იანი მაჩვენებლით.
ლუჩანო სპალეტის გუნდი დომინირებდა მთელი მატჩის განმავლობაში, თუმცა "კუნძულელების" კარში გოლი არ გასულა. ამის გარდა, გამოსარჩევია ისიც, რომ ალიანს სთეიდიუმის ბინადრებმა ფაბიო პიზაკანეს გუნდის კარისკენ დაარტყეს 21-ჯერ, მაშინ, როცა მოწინააღმდეგემ, მხოლოდ 3-ჯერ.
უნიპოლ დომუსზე ასევე დასრულდა იუვენტუსის დაუმარცხებელი სერია, რომელიც 7 დეკემბრის შემდეგ, ექვს გამარჯვებასა და ერთ ფრეს მოიცავდა. ბოლოს კი ტურინელთა მთავარი პრობლემა: კალიარისთან წაგების შემდეგ, იტალიის ჩემპიონატის ლიდერ მილანის ინტერთან ჩამორჩენა 10 ქულამდე გაიზარდა.









