ჯოშუა ზირკზე ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია - ბოლონიას წარმატების მთავარი მიზეზი, სწორედ 22 წლის ფორვარდია. ამ სეზონზე ზირკზეს ანგარიშზე 10 გატანილი გოლი და 6 საგოლე გადაცემაა, "როსობლუ" კი ამ მომენტისთვის მეხუთე პოზიციაზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის დიდ ბრძოლაშია ჩართული.
თუმცა როგორც ტიაგო მოტა ემზადება ახალი ნაბიჯისთვის, იგივე სიტუაციაა ზირკზეს თაობაზეც. ჯოშუა ზაფხულში "როსობლუს" აუცილებლად დატოვებს, მის მიმართ კი ყველაზე დიდ ინტერესს, მილანი იჩენს. "როსონერი" ახალ ცხრიანს ეძებს და მონკადას სიაში, პირველ ადგილზე სწორედ ზირკზეა.
ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევრო წერია, რაც დღევანდელი ფასების მიხედვით, არც ისე ბევრია. ჯოშუას კონტრაქტში ასევე არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ბაიერნს ზირკზეს დაბრუნება ნახევარ ფასად, 20 მილიონ ევროდ, შეუძლია. ნიდერლანდელი ფორვარდის უფლებების 50%-ს სწორედ "რეკორდმაისტერი" ფლობს. ამ მომენტისთვის, გერმანული გუნდი მის დაბრუნებას არ განიხილავს, თუმცა ზაფხულამდე დიდი დროა და არსებობს შანსი, სიტუაცია შეიცვალოს.
რაც შეეხება მილანს და მათ გეგმებს - "როსონერის" ფეხბურთელი, ალექსის სალმაკერსი იჯარის წესით, სწორედ ბოლონიაში თამაშობს, მის გამოსყიდვაზე კი "როსობლუში" სერიოზულად ფიქრობენ. შესაბამისად, ეს ყველაფერი მილანის გეგმებს უფრო გაამარტივებს. ასევე განიხილება, ტრანსფერში კიდევ ერთი ფეხბურთელის ჩართვაც, კერძოდ ლორენცო კოლომბოსი, რომელიც ამჟამად მონცაშია განათხოვრებული.
ამ მომენტისთვის ზირზკეს თაობაზე ბოლო სიახლეები ასეთია, თუმცა დიდი ალბათობით, ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად, სხვა კლუბებიც გააქტიურდებიან.
Serie A
ჟოშუა ზირკზე ზაფხულში ბოლონიას დატოვებს









