ბერნდ შუსტერი

შუსტერმა კარიერის საუკეთესო პერიოდი სწორედ ბარსელონაში გაატარა, სადაც ის გასული საუკუნის 80-იან წლებში რვა სეზონის განმავლობაში თამაშობდა. კატალონიის შემდეგ გერმანელმა გამთამაშებელმა მიაშურა ჯერ მადრიდის რეალს, მოგვიანებით კი მეზობელ ატლეტიკოსაც. ექსგუნდის კარში ბურთი სწორედ "როხიბლანკოში" თამაშის დროს გაიტანა.
ლა ლიგა, სეზონი 1990/1991, მეცხრე ტური - "ინდიელები" "ბლაუგრანასთან" იმარჯვებენ ანგარიშით 2:1-ს და პირველ გოლს სწორედ ბერნდი იტანს. დედაქალაქურ კლუბებში ტრანსფერებისა და გატანილი ბურთის შემდეგ, "ლურჯ-ბროწეულისფრების" ქომაგებს სამუდამოდ დაავიწყდათ თავიანთი გუნდის 80-იანი წლების ერთ-ერთი ლიდერი.
ლუიშ ფიგუ

ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სკანდალური ტრანსფერის მთავარი გმირი და ყველაზე საძულველი პიროვნება კამპ ნოუზე. კარგად გვახსოვს ფიგუს მიერ განვლილი გზა და მის კარიერაში ბარსას კარში გატანილი ბურთიც ფიგურირებს. სეზონი 2001/02, პრიმერა დივიზიონის მე-11 ტური, კლასიკო: "სამეფო კლუბი" შინ უგებს კატალონიელებს, ანგარიშით 2:0. მეორე გოლი, 92-ე წუთზე, სწორედ პორტუგალიელ ვინგერს გააქვს.
რონალდო ნაზარიო

ლუიშის მსგავსად, "ბლანკოსის" მაისურით "ბლაუგრანას" კარი აღებული აქვს რონალდოსაც, თუმცა მას "მოღალატედ" არასდროს მოიხსენიებდნენ. ამ მოვლენების მიუხედავად, ბრაზილიელ ფორვარდს "ლურჯ-ბროწეულისფრების" ქომაგები დღემდე თბილად იხსენებენ. რა არის ამის მიზეზი? - მას არ გაუცვლია კლუბი ფულზე, ნაზარიო თავისი ნების საწინააღმდეგოდ მილანის ინტერში გაყიდეს.
ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელის ტრანსფერი მთლიანად კამპ ნოუს ბინადრების იმდროინდელი პრეზიდენტის, ლუის ნუნიესის ინიციატივა იყო. რაც შეეხება ბარსას კარში გატანილ ბურთებს, 2003-2006 წლების შუალედში, ბერნაბეუს ბინადრების მე-9 ნომერმა თავის ექსგუნდს 4 გოლი გაუტანა. ეს ყველაფერი პრიმერაში ხდებოდა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი
სამუელ ეტოოსა და 46 მილიონ ევროში გაცვლილი თავდამსხმელი, რომელიც კატალონიელთა ფილოსოფიას ვერ მოერგო. ხოსეპ გვარდიოლასთან კონფლიქტის შემდეგ, იბრამ "ბლაუგრანა" გადმოსვლიდან ერთი წლის თავზე დატოვა, მოგვიანებით კი მილანისა და პარის სენ-ჟერმენის რიგებში ექსგუნდს, ჩემპიონთა ლიგაზე, საერთო ჯამში 3 ბურთი გაუტანა.
დავიდ ვილა

"ლურჯ-ბროწეულისფრების" ოქროს ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და შედეგიანი შენაძენი, რომელსაც შვედი თავდამსხმელისგან განსხვავებით, ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია. კამპ ნოუს შემდეგ, ვილა გადავიდა დიეგო სიმეონეს გუნდში, რომელთან ერთადაც პრიმერას ჩემპიონიც გახდა.
ბარსელონას კარი კი 2013 წლის ესპანეთის სუპერთასზე აიღო. ორრაუნდიან დაპირისპირებაში ანგარიში სწორედ "ფურია როხას" თავდამსხმელმა გახსნა. პირველი მატჩი დასრულდა ფრედ, ანგარიშით 1:1, მეორე კი 0:0, თასი გადაეცათ კატალონიელებს, სტუმრად გატანილი ბურთის ხარჯზე.
მაურო იკარდი

იკარდის "ბლაუგრანას" მთავარ გუნდში არასდროს უთამაშია. კლუბის აკადემიაში გატარებული სამი წლის შემდეგ (2008-2011), მან მიაშურა სერია ა-ს, სადაც გენუის სამპდორიასა და "ნერაძურიში" ითამაშა. განსაკუთრებით ბევრი მოგონება არგენტინელ ფორვარდს მეორე კლუბთან აკავშირებს და ერთ-ერთი ასეთი "ლურჯ-ბროწეულისფრებისთვის" გატანილი ბურთია.
მაურომ კამპ ნოუს ბინადრების კარი ჩემპიონთა ლიგის 2018/2019 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე აიღო. როდესაც "შავ-ლურჯები" სახლში მარცხდებოდნენ ანგარიშით 0:1-ს, მასპინძლების თამაშში დაბრუნება სწორედ მათმა კაპიტანმა მოახერხა. სკანდალური ფორვარდი იმ დროს თავის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა.
ფილიპე კოუტინიო

უნიკალური შემთხვევა - კოუტინიომ ბარსელონას კარში დუბლი შეასრულა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ამ გუნდის საკუთრებაში იმყოფებოდა. ის განათხოვრების წესით მიუნხენის ბაიერნში თამაშობდა და ექსგუნდის დამწუხრება კატალონიელებისთვის კოშმარულ, 2:8 ანგარიშით დასრულებულ მატჩში მოხდა. ბრაზილიელმა გამთამაშებელმა "ბლაუგრანას" კარში მე-7 და მე-8 გოლები გაიტანა.
ივან რაკიტიჩი

რაკიტიჩი წლების განმავლობაში "ლურჯ-ბროწეულისფრების" წამყვანი ნახევარმცველი იყო, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად, მისი ადგილი გუნდის სასტარტოში აღარ რჩებოდა. ხორვატმა შუახაზელმა კამპ ნოუს ბინადრებს თავისი კლასი 2020/21 წლების სეზონის კოპა დელ რეის 1/2 ფინალში გაახსენა, როდესაც 85-ე წუთზე სევილიას უპირატესობა 2-მდე გაზარდა.
ლუის სუარესი

სუარესის ისტორია "ელ გუახეს" განვლილი გზის მსგავსია. ისიც გაუშვეს ატლეტიკოში, რომელთან ერთადაც ლა ლიგის ჩემპიონი სადებიუტო სეზონშივე გახდა. ურუგვაელ ფორვარდს მადრიდში მეორე სუნთქვა გაეხსნა, მაგრამ თავის პირველ სეზონში ბარსას კარის აღება ვერ მოხერხდა. ექსგუნდი დაამწუხრა მე-2 სეზონში, თანაც პრიმერას ორივე წრის მატჩში.
ოსმან დემბელე

როგორც გვახსოვს, ნეიმარ ჟუნიორის შემცვლელად ნაყიდმა დემბელემ, კატალონიაში ყოფნის უმეტესი ნაწილი ლაზარეთში გაატარა. კლუბი არაერთხელ ცდილობდა ფრანგი ვინგერის გასხვისებას და გასულ ზაფხულს მოსახდენი მოხდა: ის პსჟ-მ იყიდა. ბოლო 6 დღის შუალედში მან "ბლაუგრანას" კარი 2-ჯერ აიღო.
ასევე გამოსარჩევია: ალბერტ ლუკე, სიმაო საბროსა, ლუის გარსია, მუნირ ელ ჰადადი, მარკ კუკურელია.











