მილანის ინტერმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ორრაუნდიან დაპირისპირებაში ბარსელონა 7:6 (3:3, 4:3) დაამარცხა. ორივე მატჩში საერთო ჯამში 13 ბურთი გავიდა. ისმის კითხვა: ყოფილა თუ არა ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე 1/2 ფინალი გოლების იგივე რაოდენობით ან მეტით?
უფრო უხვგოლიანი ნახევარფინალები არ ყოფილა, 13 ბურთი კი ერთხელ უკვე გავიდა. საუბარია 2017/2018 წლების სეზონის 1/2 ფინალზე, ლივერპულისა და რომას დუელში. ინგლისელებმა პირველი შეხვედრა მოიგეს 5:2, საპასუხო თამაშში კი იტალიელების სასარგებლოდ 4:2 დაფიქსირდა.
"ნერაძურის" მსგავსად, მერსისაიდელებმა მაშინ იმარჯვეს 7:6 და ფინალის საგზურიც გაიფორმეს. რაც შეეხება უშუალოდ მთავარ მატჩს, "წითლებმა" მადრიდის რეალთან წააგეს. აქვე დავამატებთ, რომ მეაცას ბინადრების მეტოქე ფინალში პარის სენ-ჟერმენსა და ლონდონის არსენალს შორის ერთ-ერთი იქნება.









