სერბეთთან შეხვედრით სანაკრებო კარიერა დაასრულა გიორგი ცინცაძემ. ჩვენი გუნდის უკანახაზელი 20 წლის განმავლობაში თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში და გუნდურ სახეობებში ჩატარებული მატჩებით, საქართველოს აბსოლუტური რეკორდსმენია. სერბეთთან შეხვედრა ცინცაძისთვის 217-ე იყო.
ჰიმნის შესრულების დროს საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს სპეციალური მაისურები ეცვათ, წარწერით, "2 დეკადა, 1 ბუ", მატჩის შემდეგ კი გულშემატკივრებმა გიორგი ცინცაძე განსაკუთრებული აპლოდისმენტებით გააცილა ნაკრებიდან.
ემოციური მატჩისა და ნაკრებო კარიერის შესახებ გიორგი ცინცაძემ თამაშის შემდეგ ისაუბრა:
"სამწუხაროდ წავაგეთ, მჯერა შემდეგ თამაშებში ბიჭები ყველაფერს შეძლებენ და ევრობასკეტზე გავალთ. რაც შეეხება კარიერის დასრულებას, გულშემატკივარს ვეტყვი დიდ მადლობას ასეთი მხარდაჭერისთვის, დიდი მადლობა ყველა კალათბურთელს ვისთანაც ერთად მითამაშია, ასევე ფედერაციას, სამედიცინო შტაბს, მწვრთნელებსა და ყველას, მათ გარეშე საქართველოს ნაკრების წარმატება არ იქნებოდა. გიყვარდეთ კალათბურთი, ამიერიდან მეც თქვენთან ერთად ვუგულშემატკივრებ კალათბურთს. დღევანდელი დღის ემოციები მთელი ცხოვრება გამყვება, არ ვიცი თავი როგორ შევიკავე, ცრემლები არ წამომივიდა, იმიტომ რომ ღარაცებზე მანამდე უკვე ვიტირე. დიდი მადლობა ფედერაციას ქომაგებს და ყველას რაც ამ დღეებში მომიწყვეს, ეს მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება," - განაცხადა გიორგი ცინცაძემ.













