"ახლა თავს ბევრად კარგად ვგრძნობ. 1 წლის წინ, ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი მქონდა. ახლა კი არა მარტო მე, ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლებიც კარგად არიან, რადგან დიდი პროგრესი მაქვს. ფსონების განთავსება პირველად 16 წლის ასაკში დავიწყე. თავიდან ეს მხოლოდ გართობის საშუალება იყო, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს დაავადებად იქცა. ფსონებს მაშინაც ვდებდი, როდესაც იუვენტუსის აკადემიაში ვთამაშობდი."
"სანამ კონტროლს საბოლოოდ დავკარგავდი, თამაშით დიდ სიამოვნებას ვიღებდი. ძალიან გვიან მივხვდი, რომ ეს დაავადება იყო და დიდი დრო დამჭირდა დახმარების სათხოვნელად. შემდეგ ჩოგბურთის თამაში დავიწყე, თავისუფლ დროს ვცდილობდი ამ სპორტით დავკავებულიყავი და ფსონების განთავსებაზე ბევრი აღარ მეფიქრა."
"რატომ დავიწყე არალეგალური პლატფორმების გამოყენება? რადგან ჩემი სახელით თამაში არ შემეძლო, ოფიციალურ საიტებზე ამის უფლება არ მქონდა. სხვადასხვა სპორტზე ფსონების განთავსებით დიდ სიამოვნებას ვიღებდი, ჩემთვის ეს საქმიანობა კომფორტული იყო. ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, რის გამოც დავიწყე თამაში. ხშირად იმას ვაბრალებ, რომ სახლიდან შორს ვიყავი და მარტოობაში სხვა გასართობი ვერ ვნახე."

"მეგობრებთან და ოჯახთან ურთიერთობა მალევე დამეძაბა, ყოველთვის მარტო მინდოდა ყოფნა. ფსონების განთავსებამ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ყოველთვის ვნერვიულობდი, მშვიდად არასდროს ვყოფილვარ. მოედანზე 100%-ით ვერ ვიხარჯებოდი, რადგან სხვა საფიქრალი მქონდა. დღეში 10-12 საათს ვატარებდი ტელეფონში. ახლა კი, საბედნიეროდ, ყველაფერი შეიცვალა, საერთოდ აღარ ვთამაშობ და ტელეფონს დღის განმავლობაში მხოლოდ 3-4 საათი ვიყენებ. კომპიუტერულ თამაშებსაც დიდად აღარ ვთამაშობ."
"მოედანზე დაბრუნება ძალიან მინდა, რთულია ამდენი ხანი ფეხბურთის გარეშე ცხოვრება, დღეებს ვითვლი 26 მაისამდე. ევრო 2024? - ეს ჩემი ოცნებაა. ნაკრებთან ერთად ამ ტურნირზე თამაში, ყველაზე მეტად გამაბედნიერებს. იუვენტუსი, ჩემი გუნდელები, მწვრთნელები სულ ჩემ გვერდით არიან. რომ არა ისინი, ამ პერიოდს ბევრად რთულად გადავიტანდი. მიხარია, რომ დახმარება ვითხოვე, რადგან 16 წლის ასაკში ვფიქრობდი, რომ ამის კონტროლი შემეძლო და ამ დაავადების შესახებ არავინ არაფერს მეუბნებოდა."









