სიაში ერთი დებიუტანტია - ბოსნიურ სარაევოში გატანილი 8 გოლის შემდეგ, გიორგი გულიაშვილი ეროვნულ ნაკრებს პირველად შეუერთდება.
არიან ფეხბურთელებიც, რომლებიც წინა შეკრებებზე სიაში იყვნენ, ახლა კი ნაკრებს მიღმა დარჩნენ.
საბა ლობჟანიძე
29 წლის შემტევი ბრწყინვალე ფორმაშია გასულ თვეს MLS-ში ორი გოლიც გაიტანა. ბოლო წლებში ის ნაკრებში თითქმის ყოველთვის არის ხოლმე გამოძახებული, თუმცა ამჯერად, 23-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ 6 ოქტომბერს, ლობჟანიძის ატლანტას მნიშვნელოვანი მატჩი ელის, სადაც ლობჟანიძე ითამაშებს. ამერიკიდან პოლონეთის მიმართულებით ფრენა დიდ დროს მოითხოვს და ლობჟანიძე შეკრებას ბევრად გვიან შეუერთდებოდა.
ირაკლი აზაროვი
ბოლო პერიოდში, აზაროვს შახტარში ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლევა. სანიოლმა ის წინა შეკრებაზე გამოიძახა, თუმცა არ უთამაშია, ახლა კი მისი ადგილი ლევან შენგელიამ დაიკავა. შენგელია საბერძნეთში ბრწყინვალე მატჩებს ატარებს, გოლებს იტანს და საგოლე გადაცემებით გამოირჩევა.
გიორგი ქვილითაია
მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილ თავდამსხმელს კვიპროსში სულ ათამაშებენ და სექტემბერში გოლიც გაიტანა, სანიოლმა ქვილითაიას დებიუტანტი გიორგი გულიაშვილი ამჯობინა, რაც ლოგიკურია. გულიაშვილი ლეგიონერებს შორის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სეზონს ატარებს და ბოსნიის ჩემპიონატში 8 გოლით ბომბარდირია.
უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ხოლო ალბანეთის წინააღმდეგ ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს.









