დასრულდა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა, რომელმაც არაერთი საინტერესო დაპირისპირება დაგვიანონსა. განვიხილოთ 3 მთავარი ინტრიგა 1/8 ფინალის წინა სტადიზე. შეგახსენებთ, პირველი შეხვედრები გაიმართება 17-18 თებერვალს, საპასუხოები კი 24-25 თებერვალს.
ჟოზე მოურინიო რეალის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ
ჩემპიონთა ლიგის ფაზის უკანასკნელ ტურში რეალი ლისაბონის ბენფიკასთან ანგარიშით 2:4 დამარცხდა. ამ შედეგით, ევროპის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ამოვარდა ტოპ 8-დან, "არწივები" კი 24-ეულში შევიდნენ. შეხვედრის 98-ე წუთამდე ყველაფერი იყო თავდაყირა: მადრიდელები 1/8 ფინალში ხვდებოდნენ პირდაპირ, მოურინიოს გუნდისთვის ევროსეზონი სრულდებოდა.
ანატოლი ტრუბინის თავურმა დარტყმამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მატჩი გვაჩუქა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დაპირისპირებამდე, პორტუგალიელ სპეციალისტს "სამეფო კლუბისთვის" მოგებული არ ჰქონდა. ეს უსიამოვნო სერია დაიწყო 2002 წლიდან, მაშინ, როცა ჟოზე ჯერ კიდევ პორტუში მუშაობდა.
ლუჩანო სპალეტი V ვიქტორ ოსიმენი
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრამ ერთმანეთის წინააღმდეგ ტურინის იუვენტუსი და სტამბოლის გალათასარაი დააწყვილა. "ბიანკონერის" მხარეს არის ლუჩანო სპალეტი, "ლომებში" კი ვიქტორ ოსიმენი. როგორც გვახსოვს, აღნიშნულმა დუეტმა ნაპოლიში ერთად სკუდეტო მოიგო.
ნიგერიელმა თავდამსხმელმა იტალიელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩაატარა 71 მატჩი და გაიტანა 49 გოლი. ამის გარდა, აფრიკელმა ფორვარდმა არაერთი ჯილდოც მოიგო. დღეს, "პარტენოპეის" ყოფილი შემტევი არის თურქეთის ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე, 66 წლის ტაქტიკოსი კი ალიანს სთეიდიუმის ბინადრების კრიზისიდან ამოყვანას ცდილობს.
იუვენტუსისა და გალათასარაის უკანასკნელი დაპირისპირება სერია ა-ს წარმომადგენლებისთვის ფატალურად დასრულდა. 2013/2014 წლების სეზონი: ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური: უესლი სნეიდერი იღებს ტურინელების კარს, რითაც 1/8 ფინალში სტამბოლელებს უშვებს. ვნახოთ, რა იქნება 12 წლის შემდეგ.
პსჟ-ს შარშანდელი სეზონის მსგავსი გზა
პარის სენ-ჟერმენი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა პლეი-ოფის გზით, შემდეგ კი ტურნირის გამარჯვებულიც გახდა. პსჟ-ს მოწინააღმდეგე რეიმსი იყო. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, კვლავ პლეი-ოფი და კვლავ მეტოქე საფრანგეთის ჩემპიონატიდან, ამჯერად, მონაკო.









