ტურინის იუვენტუსსა და ლივერპულს შორის გასამართი შეხვედრის დაწყებიდან ერთი საათით ადრე, ინგლისელი გულშემატკივრები ცდილობდნენ იტალიელების პროვოცირებას და მათთვის გამოყოფილ სექტორში შეღწევას. ბრიტანელმა ქომაგებმა თავიდან საქმეში ჩართეს ქვების სროლა, შემდეგ კი მავთულის ღობეც გადალახეს.
პანიკაში ჩავარდნილმა იტალიელმა გულშემატკივრებმა სცადეს გაქცევა, რის შედეგადაც ტრიბუნის საყრდენი კედელი ჩამოინგრა. დატრიალებული ტრაგედიის მიუხედავად, მატჩი მაინც გაიმართა, მაგრამ 90 წუთის დაგვიანებით. ცნობისთვის, "ბებერმა ქალბატონმა" მოიგო მინიმალური ანგარიშით, მიშელ პლატინის ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით.
უეფამ ინგლისელების წინააღმდეგ მიიღო უპრეცედენტოდ მკაცრი ზომები - ამ ქვეყნის ყველა გუნდი უეფას ტურნირებიდან მოკვეთეს ხუთი წლით, მერსისაიდელები კი ექვსით. თავდაპირველად 10-წლიანი ბანი განიხილებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, მარგარეტ ტეტჩერმა თავადაც მოითხოვა ბრიტანული კლუბების დასჯა.
ჩემპიონთა თასის ფინალის შემდეგ, დაიწყო გამოძიება, რომელმაც გამოარკვია, რომ ეიზელის სტადიონი თავიდანვე არ აკმაყოფილებდა უსაფრთხოების სტანდარტებს, მაგრამ ამის მიუხედავად, ბელგიელების წინააღმდეგ სანქციები არ დაკისრებულა. ინგლისური ფეხბურთის ასოციაციამ რამდენჯერმე სცადა უეფასგან შეწყალების მიღება, მაგრამ სასჯელი ძალაში რჩებოდა.
ინგლისურ კლუბებს დისკვალიფიკაცია მოეხსნათ 1990 წელს, "წითლებს" კი ერთი წლის შემდეგ. 1995 წელს მოხდა ეიზელის დემონტაჟი, მის ადგილზე კი აშენდა სრულიად ახალი, მეფე ბოდუენის სახელობის სტადიონი. კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი თარიღი: 2005 წლის აპრილი, პირველად ტრაგედიის შემდეგ, "ბიანკონერი" და "სქაუზერები" ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში შეხვდნენ. მოგებულები ამჯერად ინგლისელები გამოვიდნენ.












