დღევანდელი დღე ქართველი ლეგიონერებისთვის წარმატებული გამოდგა, რადგან 4 ჩემპიონი გვყავს.
კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში აპოელი უშუალო კონკურენტ აეკ ლარნაკას დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, აპოელი კვლავ კვიპროსის ჩემპიონი გახდა.
ამ წარმატებაში დიდი წვლილი აპოელის ქართველმა კაპიტანმა გიორგი ქვილითაიამ და ლაშა დვალმა შეიტანეს. წელს დვალმა აპოელის მაისურით 28 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ქვილითაიას ანგარიშზე კი 30 შეხვედრაში 8 გოლია.

როგორც მოსალოდნელი იყო, დონეცკის შახტარი უკრაინის ჩემპიონი ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გახდა. დაძაბულ ბრძოლაში მათ დინამო კიევი ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.
შესაბამისად, საქართველოს ნაკრების წევრებმა ირაკლი აზაროვმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა ევროპის ჩემპიონატის წინ, სეზონი ტრიუმფით დაასრულეს და ჩემპიონები გახდნენ.









