წარმატებით იასპარეზეს ქართველმა კუდოისტებმა ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. ევროპირველობაზე საქართველოდან 4-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და ოთხივემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ბულგარეთის ქალაქ ბურგასში გამართულ ევროპირველობაზე საქართველოს პირველი მედალი მარიამ ნანავამ მოუტანა (-220). მარიამმა ფინალში იტალიელი ილარია აგრესტა დაამარცხა და ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა. შეგახსენებთ, მარიამი საქართველოდან პირველი ევროპის ჩემპიონია ქალთა შორის.
ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი ლევან დარასელია (-230), რაც ქართული კუდოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
18 წლის გიორგი ჟვანიამ (– 240) ფინალში ბულგარელი რუსი ჰაძიევი დაამარცხა და უფროსებს შორის ევროპის ჩემპიონობა პირველად იზეიმა.
19 წლის იორგი ლომსაძემ (+270) სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე პირველობა არავის დაუთმო. ქართველმა ფინალში ბულგარელი ატანას ატანასოვი დაამარცხა და საქართველოს დელეგაციას ევროპირველობაზე მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია დავით ყოლბაია, მწვრთნელი მამუკა შონია.
კუდო - იაპონური საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც ძიუდოს, ჭიდაობის, კარატესა და კრივის ელემენტებს აერთიანებს.









