ლისაბონის ბენფიკასა და მადრიდის რეალის მატჩის დრამატულმა ფინალმა მოგვცა იმის საშუალება, რომ გაგვეხსენებინა ის მეკარეები, ვისაც ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე გოლი აქვთ გატანილი. პირველმა ეს გააკეთა ჰანს-იორგ ბუტმა, თანაც 3-ჯერ, ყველა ბურთი იყო ტურინის იუვენტუსის კარში და რაც ნამდვილად საოცარია, სხვადასხვა გუნდების მაისურით.
პირველად, გერმანელმა მეკარემ "ბიანკონერის" გაუტანა ჩემპიონთა ლიგის 2000/2001 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე, მაშინ, როდესაც ის ჰამბურგში თამაშობდა. 2 წლის შემდეგ, უკვე ლევერკუზენის ბაიერის გოლკიპერის რანგში მოხდა მარჩელო ლიპის გუნდის კარის აღება. 2009/10-ში, მიუნხენის ბაიერნის სახელით.
აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც "რეკორდმაისტერის" ყოფილი მეკარე იტანდა გოლს, დელე ალპის ბინადრები ჯგუფიდან გასვლას ვერ ახერხებდნენ. მე-2 გოლკიპერი, რომელმაც შეაგდო ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე არის ლიეჟის სტანდარდის ყოფილი კარის დარაჯი, სინან ბოლათი, ალკმაარის კარის აღებით, ასევე 2009/10 წლების სეზონში.
ერთი წლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გოლის გატანა მოახერხა უკვე ვინსენტ ენიემამ, ლიონის ოლიმპიკის კარში, თელ-ავივის ჰაპოელის მაისურით. იმის შემდეგ, გოლკიპერებს ჰქონდათ ე.წ. "მშრალი სერია", რომელიც დაარღვია რომის ლაციოს კარის დარაჯმა, ივან პროვედელმა.
ჩემპიონთა ლიგის 2022/2023 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე იტალიელმა მეკარემ მადრიდის ატლეტიკოს გაუტანა. ბოლოს კი გუშინდელი საღამოს მთავარი გმირი, ანატოლი ტრუბინი, რომლის მიერ "სამეფო კლუბის" კარში შეგდებულმა ბურთმა "არწივები" ტურნირის პლეი ინში გაიყვანა.
უკრაინელი მეკარის გოლამდე, ჟოზე მოურინიოს გუნდი იყო 24 საუკეთესოს მიღმა, თუმცა მატჩის 98-ე წუთზე დატრიალებულმა სენსაციამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ეშტადიუ და ლუშის ბინადრები აგრძელებენ ბრძოლას, თავიანთი გოლკიპერის დამსახურებით.









