ეროვნული ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა გორში შედგა, სადაც დილა იბერიას დაუპირისპირდა. მატჩი ყველასგან მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა.
გორელების მთავარი მიზანი გამარჯვება და ცხრილში პირველ ადგილზე აღზევება იყო, თუმცა ყველაფერი თავდაყირა დადგა და საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა უშუალო კონკურენტი 6:0 გაანადგურა.
დუბლი გიორგი და იური ტაბატაძეებმა გაფორმეს, თითო გოლი კი გიზი მამაგეიშვილის და თორნიკე ახვლედიანის ანგარიშზეა.
მოულოდნელი ანგარიში დაფიქსირდა ქუთაისშიც, სადაც ტორპედომ აუტსაიდერ თელავს უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა. აღსანიშნავია, რომ 30-ე წუთიდან თელავი 10 კაცით იყო დარჩენილი, თუმცა კახურმა კლუბმა ქუთაისიდან ქულა მაინც წამოიღო.
ტურის ბოლო შეხვედრა ბათუმში გაიმართა, სადაც დინამო ბათუმმა გაგრას უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, საბოლოოდ 1:2 წააგო.









