ევერტონს ახალი მფლობელი ჰყავს. ფარჰად მოშირისგან ინგლისური კლუბი დენ ფრიდკინის კონსორციუმმა იყიდა. გარიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელ ბიზნესმენს ლივერპულური კლუბის შეძენა დაახლოებით 475 მილიონი დაუჯდა.
The Friedkin Group-ი "კანფეტების" აქციების 94.1%-ის მფლობელი გახდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ აღნიშნული კონსორციუმი 2020 წლის შემდეგ, რომას მფლობელიც არის. დავუბრუნდეთ ირანელი ბიზნესმენის მოღვაწეობას "ლურჯებში", რომლის მმართველობის დროს მან 8 წლის მანძილზე 797 მილიონი დახარჯა.
სოლიდური თანხის მიუხედავად, გუდისონ პარკის ბინადრების მაქსიმუმი მხოლოდ მეშვიდე ადგილი იყო. უკანასკნელ სამ სეზონში კი აღნიშნული გუნდი 15-17 პოზიციებზე ტრიალებდა. შონ დაიჩის შეგირდები ჩემპიონშიპში დაქვეითებას ბოლო 2 წელში 2-ჯერ გადაურჩნენ. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს: 15 ქულა და მე-16 ადგილი.
არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ გასული წლის ნოემბერში ევერტონს ფინანსური დარღვევების გამო 10 ქულა დააკლეს. ფაქტია, რომ ლივერპულული კლუბის ყოფილი მფლობელის მმართველობა გამოდგა წარუმატებელი, მიუხედავად იმისა, რომ ის ფინანსურ რესურსს მართლაც არ იშურებდა.
69 წლის ბიზნესმენმა თავის დროზე კარლო ანჩელოტიც კი გადმოიბირა, თუმცა ლეგენდარულმა მწვრთნელმა "კანფეტების" ათამაშება ვერ მოახერხა. რაც შეეხება ტრანსფერებს, მოშირიმ "ლურჯებში" სხვადასხვა დროს მოიყვანა ხამეს როდრიგესი, გილფი სიგურდსონი, რიშარლისონ დე ანდრადე, მოიზე კინი, ადემოლა ლუკმენი და სხვები.
ირანელმა ბიზნესმენმა ასევე დააორგანიზა უეინ რუნის დაბრუნება გუდისონ პარკზე, თუმცა ამ ყველაფერმა ასევე უშედეგოდ ჩაიარა. ლეგენდარულმა ინგლისელმა ფორვარდმა ფარჰადის კლუბში 40 მატჩში გაიტანა 11 ბურთი და 1 სეზონის შემდეგ, დისი იუნაიტედს მიაშურა.











