წიგნის დაწერის იდეა მაშინ გაჩნდა, როცა ჩემპიონი ილია თოფურია UFC-ის ჩემპიონის ქამრის მოგების შემდეგ, სამშობლოში მშობლებთან ერთად დაბრუნდა. ინგა ბენდელიანი-თოფურიას ისტორიის მთხრობელი გიორგი კეკელიძე გახდა, პროექტის მხარდამჭერი კი - SMH SPORTS-ი.
ახალი წიგნი წერის პროცესშია, ვიდრე დასრულდება და ფართო აუდიტორია სიძნელეებით დახუნძლული გზის გამარჯვებით გაგრძელების ამბავს წაიკითხავს, ილია თოფურიას დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია და წიგნის ავტორი, გიორგი კეკელიძე La Gazzetta dello Sports Georgia-სთან საუბრობენ.
ილია თოფურიას დედა lagazzetta.ge-სთან წიგნის მთავარ მიზანზე, ჩემპიონ შვილზე და რთული პერიოდის დროს მოტივაციის შენარჩუნებაზე საუბრობს:
- ილიას ცხოვრება, როგორც გმირი ანტაგონისტის, რომელიც არ ეგუება რეალობას და ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლის, პოულობს გზებს ბრძოლისთვის და იმარჯვებს, სამაგალითოა გულშემატკივრებისთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ სურვილები და არ აქვთ შესაძლებლობები, წიგნის დაწერის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია ამ ადამიანებისთვის მუხტის მიცემა იყო?
- შესაძლებლობების მთავარი მუხტი შენ თვითონ ხარ, მთავარია გინდოდეს. ეს არ არის ჩემპიონის დედის სიტყვები. ამას ვამბობ, როგორც ადამიანი, რომელიც მიუხედავად დიდი ტრაგედიისა, არ დანებდა და ყველაზე რთულ პერიოდშიც კი თავი გაართვა ყველანაირ დაბრკოლებას. შეუძლებელი არაფერია, - ეს არის მთავარი მოტივაცია, რომელიც ყველა ადამიანმა საკუთარ თავში უნდა იპოვოს.
- გაიარეთ რთული გზა და გაწყვიტეთ ამ გზაზე გულწრფელად ისაუბროთ, რა შეგიძლიათ უთხრათ დედებს, რომლებიც ახლა თქვენნაირ გზას გადიან?
- დედებს, რომლებიც ჩემნაირ გზას გადიან, მინდა ვუთხრა, რომ ყველაზე ძლიერები არიან და ყველაზე დიდ საქმეს აკეთებენ, როგორც შვილებისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვისაც. მათი შრომა აუცილებლად დაფასდება და მთავარ ჯილდოდ სიამაყისა და მადლიერების გრძნობას მიიღებენ, ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა მშობლისთვის. მთავარია თქვენს შვილებს თქვენი იმედი ჰქონდეს და თქვენ მათი გჯეროდეთ.
- თქვენ რას თვლით ილიას მთავარ, ცხოვრებისეულ გამარჯვებად?
- ილიას მთავარი, ცხოვრებისეული გამარჯვება არ არის მხოლოდ ჩემპიონობა! ვფიქრობ, ამ გზის გავლის პროცესში უკვე იყო გამარჯვებული. მიზანი, შრომა, რწმენა, ყველაფრის გვერდზე გადადება, ფოკუსირება იმაზე, რომ საკუთარი მედან, საუკეთესო ვერსია შექმნა, ეს, პირველ რიგში, თავდაჯერებულობაა. ფაქტი სახეზეა, ამ თვისებებმა განაპირობა ის, რომ დღეს მსოფლიო ჩემპიონია.
- რა არის თქვენი ისტორიის წიგნად მოყოლის მთავარი მიზანი?
- ჩემი ისტორიის წიგნად მოყოლის მთავარი მიზანია ის, რომ უპირველეს ყოვლისა, არ დაგვავიწყდეს აფხაზეთი , ის რომ მე დავბრუნდები, ის რომ გვახსოვდეს, შეუძლებელი არაფერია: ბრძოლას, შრომას, ოჯახს, ერთიანობას და დედაშვილობას ყველა დაბრკოლების გადალახვა შეუძლია.

ქართველი, ესპანელი და ამერიკელი მკითხველი მალე გიორგი კეკელიძის ახალ წიგნს იხილავს. წიგნის ავტორი La Gazzetta dello Sport Georgia-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ინგა ბენდელიანი-თოფურიას ისტორია, რომელიც აფხაზეთიდან იწყება, საინტერესო და მრავლისმთქმელი იქნება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მკითხველისთვის:
- წიგნში ილია თოფურიას უცნობი ისტორიები იქნება მოთხრობილი?
- წიგნში მოთხრობილია ილია თოფურიას დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას, დაუჯერებელი ცხოვრების ისტორია, რომელიც აფხაზეთიდან იწყება და ილიას ისტორიული გამარჯვებით გვირგვინდება. ეს არის ერთგვარი მოკლე საგა დიდი და დრამატული ამბებით - სოხუმი - ჭუბერი - რუსთავი - ჰალე - რუსთავი - ალიკანტე - კალიფორნია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ დანებების, ფსკერის მოსინჯვისა და მწვერვალზე ასვლის ამბავია, რომელიც ერთი მხრივ ჩვენს მეხსიერებას გააღვიძებს და მეორე მხრივ, არაერთ ადამიანს მისცემს ძალას.
- თქვენ გაქვთ სპორტსმენების შესახებ წერის გამოცდილება, რით არის ილიას გზა განსხვავებული?
- ეს წიგნი საკმაოდ სცდება კონკრეტული სპორტის ან სპორტსმენის შესახებ თხრობას - საქართველოს უახლესი და მძიმე ისტორიაა ერთი ოჯახის თავს გადამხდარი. ამ მხრივ, ტექსტი როგორც ახალი თაობისთვის, ისე უცხოელი მკითხველისთვის ბევრისმთქმელი და გამზიარებელი იქნება.
- ყველაზე ემოციური რომელი მონაკვეთის დაწერა აღმოჩნდა?
- ჭუბერის უღელტეხილი და ილიას გამარჯვება - ორი უკიდურესი განცდა, მაგრამ ორივეგან შენარჩუნება ადამიანად ყოფნის საუკეთესო ნიშნების.
- ილია თოფურიას განვლილი გზა ადამიანებისთვის მოტივაცია იქნება, რათა იბრძოლონ, იშრომონ და გაიმარჯვონ?
- ილია თოფურიას, მისი დედისა და ოჯახის გზა, არამხოლოდ ქართველი, არამედ მსოფლიოში ბევრი მოზარდისთვის იქნება საუკეთესო მაგალითი რას გულისხმობს ბრძოლა, შრომა და გაუტეხლობა. როგორი შედეგია მოსალოდნელი და გარანტირებულიც კი - თუ არ დანებდი.
- გვაქვს შესაძლებლობა, ქართველებს გვქონდეს წიგნი ილია თოფურიას მებრძოლი გზის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის ჩართულობა და მხარდაჭერა მსგავს პროექტებში?
- სპორტული ლიტერატურა, სპორტსმენის ბიოგრაფია მსოფლიოში ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომელიც ჩემთვისაც ძალიან საინტერესო გამოცდილებად იქცა, რადგან ძალიან ბევრ ადამიანთან სხვადასხვა სათქმელის მიტანის საუკეთესო საშუალებაა. ბრწყინვალეა Smh Sport-ის გადაწყვეტილება, დაიწყოს სერიული გამოცემა ასეთი ლიტერატურის, როგორც მოქმედ სპორტსმენებზე, ასევე ლეგენდარულ მოასპარეზეებზე. ვფიქრობ, ამას მასშტაბური შედეგი ექნება.

ვიდრე წიგნი დასრულდება, რომელსაც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხავთ, მოგვცემს მოტივაციას და ყველაზე რთულ მომენტებშიც გამარჯვებაზე ფიქრსა და ამ გამარჯვებისთვის ბრძოლისკენ გვიბიძგებს, lagazzetaa.ge წიგნის წინათქმას გთავაზობთ:
„ყოველთვის მინდოდა, ჩემი დაუჯერებელი ისტორია ისეთი ადამიანისთვის მომეყოლა, რომლისთვისაც ეს ახლო და გასაგები იქნებოდა, თანაც შესაბამის მხატვრულ დონეზე შეძლებდა მის გადმოცემას. როცა მწერალს საკუთარ ამბავს უყვები, თითქოს ფსიქოლოგს ელაპარაკები - უნდა ენდობოდე. გიორგისთანაც ასეა. როცა მეკითხებიან, როგორია გიორგი კეკელიძე, როგორია მასთან მუშაობა, მე პირდაპირ ვპასუხობ, რომ გიჟთან, არანორმალურთან ვმუშაობ - ვუყვები, მისმენს, უცებ მაწყვეტინებს, სულ სხვა რამეს მკითხავს, მგონია, ეს ძირითადი არ დაავიწყდეს და მეორე დღეს ჩემი ამბები სრულად და საოცრად მხვდება აწყობილი.
ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ ამ ისტორიებს, რომლებიც თან ჩემია და თან თითქოს ამ წიგნის უცნობი მკითხველი ვარ, რომელსაც ძალიან ეტკინა ეს ტრაგიკული ამბავი. ვზივარ, საკუთარ წარსულს დავტირი და თან ძალიან ამაყი ვარ, რომ ამას გავუძელი. მადლობა ღმერთს, რომ სრულიად შემთხვევით ჩემს სოხუმელ მეგობართან, დედა თინათინთან შევხვდი გიორგის და ასე სპონტანურად დაიბადა ჩემი სულის ამოძახილის,
ცრემლით გაჟღენთილი ფაზლის აწყობა.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ავტორმა გაითავისა ჩემი გზა, ჩემი აფხაზეთი, რადგან ეს ისტორია არ არის მხოლოდ ჩემი ტკივილის ნაწილი - ეს არის საქართველოს რეალური მატიანე, ოთხმოცდაათიანები, ომი, მარცხი, კრემლისგან ოკუპაცია, ტკივილი, გადარჩენა და გამარჯვება.
ილიას ჩემპიონობა კი ჩემთვის მაგალითია იმისა, რომ აუცილებელია სულ იბრძოლო, არ დაეცე, თუ დაეცი - წამოდგე და შეუძლებელია არ გაიმარჯვო. მე ამ ჩემპიონობის მონაწილე ვარ. მე და ილიამ ეს გზა ერთად გავიარეთ და იმ დღეს ჩემი დიდი ოჯახი მიხვდა, რომ სიცოცხლე ღირდა. თუნდაც ამ გამარჯვებისთვის.“
ინგა ბენდელიანი-თოფურია
პროექტის წარმდგენია - SMH SPORTS-ი
SMH SPORTS-ის მხარდაჭერით აქამდე, გამოიცა გიორგი კეკელიძის წიგნი ”ხვიჩა - ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი“. ქართველი სპორტსმენების შესახებ გამოცემული წიგნების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, რათა სახელოვანი ქართველების ისტორიული გამარჯვება და გზა წარმატებამდე გაიცნოს, როგორც ადგილობრივმა მკითხველმა, ასევე ხელმისაწვდომი იყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.













