მატჩი 90 წუთის განმავლობაში დაძაბულად მიმდინარეობდა, იყო უამრავი საგოლე მომენტი, ბევრი საკამათო ეპიზოდი, ვარის მიერ გაუქმებული გოლი, ორი თერთმეტმეტრიანი და ბოლოს, წითელი ბარათიც. საბოლოოდ ყველაფერი თერთმეტმეტრიანების სერიაში გადაწყდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მატჩში დაწინაურება ნიგერიამ შეძლო - შეხვედრის 67-ე წუთზე, "სუპერ არწივების" კაპიტანმა ტროსტ-ეკონგმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. ამის შემდეგ გუნდებმა უამრავი მომენტი გაცვალეს, თუმცა კულმინაცია ბოლო 5 წუთის მონაკვეთში ვიხილეთ. ჯერ ნიგერიას შეეძლო ყველაფრის დამთავრება, როდესაც ოსიმენმა გოლი გაიტანა, თუმცა VAR-მა ნაპოლის ფორვარდის გოლი გააუქმა, შემდეგ კი სამხრეთ აფრიკის ჯერი დადგა. მატჩის ბოლო წუთზე ნიგერიის კარში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც კვლავ ზუსტად შესრულდა. გოლის ავტორი მოკოენა გახდა, ფრე 1:1 და გუნდები დამატებით დროში გადავიდნენ.
ორ, 15-წუთიან, ტაიმში ბევრი საინტერესო მომენტი ვიხილეთ, რომელთაგან გამორჩეული კეკანას წითელი ბარათი იყო. სამხრეთ აფრიკა ბოლო 5 წუთი 10 კაცით თამაშობდა, თუმცა ნიგერიამ ამით ვერ ისარგებლა და წინ გასვლა მაინც ვერ მოახერხა. პირველი ფინალისტის საგზური პენალტების სერიას უნდა გადაეწყვიტა, სადაც უფრო კარგად მომზადებული ჟოზე პეშეიროს შეგირდები აღმოჩნდნენ, 4:2 და "სუპერ არწივები" აფრიკის ერთა თასის წლევანდელი გათამაშების პირველი ფინალისტები გახდნენ.
აფრიკის თასის ფინალში ნიგერიის მეტოქე კოტ-დ'ივუარისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებებს შორის გამარჯვებული იქნება.









