ტოტენჰემ ჰოტსპური ევროპა ლიგის ახალი გამარჯვებულია. დიახ, დედაქალაქურ გუნდი აღნიშნული ტურნირის ტრიუმფატორი გახდა 1972 და 1984 წლებშიც, მაგრამ ეს იყო მაშინ, როდესაც ევროპა ლიგას უეფას თასი ერქვა. ამის გარდა, ეს არის ლონდონელთა ზოგადად პირველი ტიტული 2008 წლის შემდეგ.
17 წლის წინ, სპურსი ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული გახდა. ახალი ჩემპიონების გამოჩენა ან ძველების დაბრუნება 2025 წელს საკმაოდ აქტუალური თემა არის. მაგალითად: ნიუკასლმა ლიგის თასის მოგებით გაიფორმა თავისი პირველი ტიტული 1955 წლის შემდეგ. ბოლონიამ მოიგო იტალიის თასი და ეს ამ გუნდის ასევე პირველი ჯილდოა 1974 წლის შემდეგ.
კრისტალ პალასმა კი ინგლისის ასოციაციის თასზე გამარჯვებით მოიპოვა საერთოდ თავისი პირველი ტიტული კლუბის 119-წლიანი არსებობის მანძილზე. საინტერესოა, რომ ახალი ტრიუმფატორი შესაძლოა ჰყავდეს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირსაც, რომლის ფინალში მილანის ინტერი პარის სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება.
დიახ, "ნერაძური" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული აქამდე ყოფილა სამჯერ, პსჟ-სთვის კი ეს ახალი გამოცდილება იქნება. დედაქალაქური კლუბის საუკეთესო შედეგი აქამდე იყო 2020 წელს დაფიქსირებული ვიცე-ჩემპიონობა, როდესაც პარიზელებმა ფინალში მიუნხენის ბაიერნთან წააგეს. ვნახოთ, რა იქნება ამჯერად.
არ უნდა დაგვავიწყდეს კონფერენს ლიგის ფინალიც, რომელშიც ჩელსი რეალ ბეტისს დაუპირისპირდება. დედაქალაქური გუნდის შესახებ ყველაფერი ცნობილია, ლონდონელებს არაერთხელ მოუგიათ სხვადასხვა ჯილდოები, სევილიელთა ტრიუმფი კი კიდევ ერთი სიახლე იქნება.









