დიბალას მომავალი პირდაპირ კავშირშია ჩემპიონთა ლიგაზე გასვლასთან. ამ მომენტისთვის რომა სერია ა-ში მე-6 პოზიციაზე იმყოფება და ოთხეულს 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა შესაძლოა ხუთეულში მოხვედრაც საკმარისი იყოს მომდევნო სეზონისთვის უეფას ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მონაწილეობისთვის. ბევრი რამე იქნება დამოკიდებული მწვრთნელზეც - როგორც პრესაში იწერება, არგენტინელს დე როსისთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა რა იქნება ზაფხულში, ამას ახლა ვერ განვსაზღვრავთ. იქნება თუ არა დე როსი რომაში მომდევნო სეზონზეც, ჯერ არავინ იცის.
რომაში ფეხბურთელის შენარჩუნება უპირველესი გეგმაა, მაგრამ ეს მარტივი არ იქნება. ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გარდა, ფეხბურთელის მიმართ ინტერესი იზრდება. რამდენიმე პრემიერლიგური კლუბი უკვე გააქტიურებულია, ისევე როგორც ლა ლიგის კლუბებიც. ზაფხულში მოსალოდნელია საუდის კლუბების თავიდან გააქტიურებაც.
"La Joya" უკვე 30 წლისაა და ნორმალურია, რომ მომავალზე სერიოზულად ფიქრობს. რომაში დარჩენა? პრემიერ ლიგაში ან ლა ლიგაში თამაში თუ საუდი და დიდი ხელფასი? ყველაფერს ზაფხულში გავიგებთ.











