მადრიდის რეალში ახალი ეპოქა ჩაბი ალონსოს მოსვლით დაიწყო. ის არის პირველი ესპანელი მწვრთნელი ევროპის ყველაზე ტიტულოვან კლუბში ხულენ ლოპეტეგის შემდეგ, ანუ 2018 წლიდან. როგორც გვახსოვს, მან ბერნაბეუზე დაჰყო სულ რაღაც რამდენიმე თვე, ზოგადად კი 21-ე საუკუნეში ესპანელ თავკაცებს აღნიშნულ გუნდში არ უმართლებთ.
ვისენტე დელ ბოსკეს შემდეგ, ესპანელი მწვრთნელი "სამეფო კლუბში" ნახევარ სეზონზე დიდხანს არ გაჩერებულა. თავად განსაჯეთ - ხოსე ანტონიო კამაჩო (4 თვე), მარიანო გარსია რემონი (3 თვე), ხუან ლოპეს კარო (6 თვე), ხუანდე რამოსი (6 თვე), რაფაელ ბენიტესი (7 თვე), ხულენ ლოპეტეგი (5 თვე).
ფლორენტინო პერესის კლუბის წარმატებები 21-ე საუკუნეში ძირითად უკავშირდება უცხოელ მწვრთნელებს - კარლო ანჩელოტის, ჟოზე მოურინიოსა და ზინედინ ზიდანს. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ლევერკუზენის ბაიერის ყოფილი დამრიგებელი რეალში ესპანელი თავკაცებისთვის უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას.
ვისენტე დელ ბოსკეს შემდეგ, ესპანელი მწვრთნელები რეალში
| მწვრთნელი | პერიოდი |
| ხოსე ანტონიო კამაჩო | 2004 წლის მაისი - 2004 წლის სექტემბერი |
| მარიანო გარსია რემონი | 2004 წლის სექტემბერი - 2004 წლის დეკემბერი |
| ხუან ლოპეს კარო | 2005 წლის დეკემბერი - 2006 წლის მაისი |
| ხუანდე რამოსი | 2008 წლის დეკემბერი - 2009 წლის მაისი |
| რაფაელ ბენიტესი | 2015 წლის ივნისი - 2016 წლის იანვარი |
| ხულენ ლოპეტეგი | 2018 წლის ივნისი - 2018 წლის ოქტომბერი |









