სერია ა-ს მე-17 ტურში პიზასა და ტურინის იუვენტუსს შორის გამართულ მატჩში დაფიქსირდა საინტერესო ფაქტი - სტუმრების წინააღმდეგ ითამაშა ჯანლუიჯი ბუფონის ვაჟმა, ლუიმ. ახალგაზრდა ფორვარდი მოედანზე შემოვიდა 84-ე წუთზე, მაგრამ ჩეხეთის ახალგაზრდული ეროვნულის გუნდის შემტევის გამოჩენამ "ტორის" ვერ უშველა, "ბიანკონერიმ" 2:0 მოიგო.
ეს იყო ტოსკანური გუნდის თავდამსხმელის მეოთხე გამოჩენა სერია ა-ში და ლუჩანო სპალეტის შეგირდების წინააღმდეგ გამართულ მატამდე, მან ითამაშა მილანის ინტერთან, ბოლონიასა და ლეჩესთან. მიმდინარე სეზონში გარიბალდის ბინადრების გარშემო ხშირად ფიგურირებენ იტალიური ფეხბურთისთვის ლეგენდარული გვარები.
მაშინ, როდესაც პიზამ მოიპოვა სერია ა-ს საგზური, გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო ფილიპო ინძაგი, თუმცა სეზონის დაწყების წინ მან თავისი პოსტი ალბერტო ჯილარდინოს გადაულოცა. საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ეს უკანასკნელი უახლოეს პერიოდში შეცვალოს კარლო ანჩელოტის ვაჟმა, დავიდემ.
იტალიელი მწვრთნელის ხელში "ტორი" ამ დროისთვის იკავებს ბოლოსწინა, მე-19 ადგილს და კლუბის ხელმძღვანელობა ახალი დამრიგებლის ძიებაშია. ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება სწორედ ბოტაფოგოს ყოფილი თავკაცი, რომლის ბრაზილიური კარიერა წარუმატებელი გამოდგა. იტალიელ სპეციალისთან ერთად, რიო დე ჟანეირული გუნდი შიდა ჩემპიონატში მხოლოდ მე-6 პოზიციაზე გავიდა.









