ლონდონის არსენალის ლეგენდარულმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა თავისი საუკეთესო ტრანსფერი დაასახელა. ბევრის აზრით, ვეტერანი სპეციალისტი პირველ პოზიციაზე დააყენებდა ტიერი ანრის, მაგრამ ფრანგი დამრიგებლისთვის საუკეთესო ვარიანტად პატრიკ ვიეირას გადმობირება გამოდგა.
"საუკეთესო ტრანსფერი? გააჩნია ნიუანსებს, თუმცა არსენალის ხელმძღვანელობისგან ნდობის კრედიტი ვიეირას გადმობირებით მივიღე. იმ დროს ხალხი კითხულობდა, თუ რატომ შემომთავაზეს სამსახური ლონდონში, მაგრამ პატრიკის ტრანსფერმა ყველა კითხვა გააქრო. მის შემდეგ მოვიდნენ ანრი, ოვერმარსი და პეტი, "მეთოფეებში" მათ გამოჩენას სკეპტიკურად აღარავინ უყურებდა.
ასევე მინდა გამოვარჩიო ვან პერსისა და ფაბრეგასის ტრანსფერებიც", - განაცხადა "კანონირების" ყოფილმა მწვრთნელმა. რაც შეეხება ლეგენდარული ფრანგი ჩამშლელის გადმოსვლას: 1996 წლის ზაფხულში მილანიდან €5.35 მილიონად გაფორმებული ახალგაზრდა შუახაზელი ვენგერის გუნდის კაპიტანი და ნამდვილი ლიდერი გახდა.
საფრანგეთის ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა ჰაიბერიზე ჩაატარა 405 შეხვედრა და 34 გოლი გაიტანა. ამის გარდა, ლეგენდარულმა შუახაზელმა არსენალში მოიგო 10 ტიტული, მათ შორის 3-ჯერ პრემიერ ლიგა.











