საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კრაიოვას 23 წლის ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა რუმინეთის სუპერლიგის ბოლო ტურში, საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო, რის გამოც ფეხბურთელმა დიდი შანსია მთლიანი სეზონი გამოტოვოს.
ქართველმა ფეხბურთელმა დინამო ბუქარესტთან შეხვედრაში ტრავმა შეხვედრის 49-ე წუთზე მიიღო და როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, მექვაბიშვილის დაზიანება საკმაოდ სერიოზულია — სამწუხაროდ საუბარია ჯვარედინი მყესების გაწყვეტაზე.
ანზორს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია უახლოეს საათებში ჩაუტარდება, სადაც ზუსტად გაირკვევა, რა სიმძიმის დაზიანებასთან გვაქვს საქმე.
მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც ერთი გოლის გატანა მოახერხა.









