Globe Soccer Awards-ის 2025 წლის დაჯილდოებაზე პრიზების უმეტესობა პარის სენ-ჟერმენის წარმომადგენლებმა აიღეს. ამის გარდა, ორი ჯილდო მიიღო ლამინ იამალმა, ახლო აღმოსავლეთში მოთამაშე წლის საუკეთესო ფეხბურთელად კი ტრადიციულად კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა.
ფეხბურთის გულშემატკივრებში გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გამარჯვებულებს შორის პოლ პოგბაც ფიგურირებს. მან მიიღო ჯილდო ნომინაციაში "წლის ქამბექი". შეგახსენებთ, ფრანგი ფლეიმეიქერი დოპინგის მოხმარების გამო დისკვალიფიცირებული იყო 18 თვით და სასჯელის გასვლის შემდეგ, მან კარიერა განაახლა.
ტურინის იუვენტუსის ყოფილი ნახევარმცველი შეუერთდა მონაკოს, თუმცა ახალი სეზონის დაწყებიდან მან მოედანზე მხოლოდ 30 წუთის გატარება მოასწრო. "თავადთა" მე-8 ნომერმა 4 წუთი ითამაშა პსჟ-სთან, 5 წუთი რენთან, 21 წუთი კი ბრესტთან. შედეგიანი მოქმედებები მას არ განუხორციელებია.
რამდენად არის ეს ყველაფერი საკმარისი წლის საუკეთესო ქამბექისთვის, რთული სათქმელია. გულშემატკივრები ვარაუდობენ მხოლოდ ერთ ვერსიას, თუ რატომ მიიღო "ილ პოლპომ" ეს პრიზი: საუდის არაბეთის კლუბებისთვის თავის შეხსენების მიზნით. შეგახსენებთ იმასაც, ცოტა ხნის წინ, 32 წლის ფლეიმეიქერი გახდა ერთ-ერთი არაბული კლუბის მეწილე, რომელიც აქლემების რბოლაში მოღვაწეობს.
გულშემატკივრები ხუმრობენ, რომ პოგბას ჯილდო იყო აღნიშნული ღონისძიების ერთგვარი რეკლამა. საინტერესოა ისიც, რომ Globe Soccer Awards-ზე ნომინაცია "ფეხბურთელის წლის ქამბექი" აქამდე არ ყოფილა. 2024-ში ქამბექის პრიზი როგორც კლუბმა კომომ მოიგო.









