ერიკ ლამელამ 33 წლის ასაკში კარიერა დაასრულა. იყო დრო, როდესაც ის მსოფლიოს ყველაზე ნიჭიერ მოზარდ ფეხბურთელად ითვლებოდა. 2004 წელს, ლეო მესის შემდეგ, ბარსელონა იგივე მეთოდით აპირებდა ტოტენჰემის მომავალი ფორვარდის გადმობირებასაც. აღსანიშნავია ისიც, რომ არგენტინელი თინეიჯერი სწორედ კატალონიელთა ფანი იყო.
"ბლაუგრანას" პირობები - 120 ათასი ევრო წელიწადში და დამატებით 8 ათასი სასპონსორო ხელშეკრულებიდან. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "კოკო" იმ დროს სულ რაღაც 12 წლის იყო. კამპ ნოუს ბინადრების პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა თვლიდა, მის წინაშე მსოფლიოს მომავალი საუკეთესო მოთამაშე იზრდებოდა.
გარიგება ჩაშალა რივერ პლეიტის იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ხოსე მარია აგილარმა, რომელმაც დაარწმუნა ლამელას მშობლები სამშობლოში დარჩენაზე, ბარსას კი მეკობრეები უწოდა. რა მოხდა შემდეგ? არგენტინელი ფორვარდი ევროპაში მოხვდა 19 წლის ასაკში, რომაში გადასვლით.
ერიკის კარიერაში შემდეგ იყო ლონდონი, სევილია და ათენი, ბოლოს კი კარიერის დასრულება. ტრავმებმა და ზეწოლამ პოტენციალის გამოვლინების საშუალება კატალონიელთა ერთ დროს მთავარ სამიზნეს არ მისცა. საინტერესოა, როგორ წარიმართებოდა მისი კარიერა, "ბლაუგრანას" აკადემიაში მოხვედრის შემთხვევაში...









