პრემიერ ლიგის 23-ე ტურში არსენალმა ემირეითზე ლივერპულს უმასპინძლა. ამ შეხვედრას გუნდები საკმაოდ კარგ ფორმაში შეხვდნენ, განსაკუთრებით კლოპის გუნდი, რომელსაც 11 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. მეორეს მხრივ, „მეთოფეები“ ამ პრინციპულ შეხვედრას ორმატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდნენ.
მატჩის დასაწყისში უპირატესობა არტეტას ბიჭებმა მოიპოვეს, რაც ანგარიშზე მალევე აისახა. მე-14 წუთზე, ოდეგორი-ჰავერცის მიერ გათამაშებული კომბინაცია ბუკაიო საკამ გოლად აქცია. ნორვეგიელმა 8 ნომერმა ჰავერცი ერთი-ერთზე გაიყვანა, თუმცა ალისონმა კარგი სეივი შემოგვთავაზა, ამის მიუხედავად, გადმოვარდნილი ბურთი საკას მიუვიდა, ინგლისელმა კი ბურთი ცარიელ კარში მარტივად შეაგორა, 1-0. ამ გოლის შემდეგაც ტაიმის ბოლომდე უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, არტეტას გუნდს არაერთი მომენტი ჰქონდა, თუმცა შეხვედრის 47-ე წუთზე „მეთოფებიის“ საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რითაც ლუის დიასმა ისარგებლა და მის აქტიურობას გაბრიელის ავტოგოლი მოჰყვა, 1-1. იმის მიუხედავად, რომ არტეტას გუნდმა ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა, გუნდმა პირველი ტაიმი მაინც ვერ მოიგო.
მეორე ტაიმში სრულიად განსხვავებული ლივერპული ვიხილეთ, კლოპის გუნდმა პირველივე წუთებიდან შეტევა დაიწყო და უპირატესობა სრულიად მათ მხარეს გადავიდა. რამდენიმე სახიფათო მომენტიც ვიხილეთ, რის ფონზეც არტეტას ბიჭებმა შედარებით უკან დაიხიეს და მატჩი კონტრშეტევებზე ააწყვეს. თუმცა ცოტა ხანში პატარა დეჟავიუ ვიხილეთ - ამჯერად ვან დაიკის და ალისონის შეუთანხმებელ თამაშს გაბრიელ მარტინელის გოლი მოჰყვა, მეთოფეები 67-ე წუთზე ისევ წინ გავიდნენ.
მატჩის ბოლომდე გუნდებმა არაერთი მომენტი გაცვალეს თუმცა გოლის გატანა ისევ არსენალმა მოახერხა. მატჩის მიწურულს, კერძოდ 92-ე წუთზე ტროსარმა ბურთი ცენტრში მიიღო და საოცარი დრიბლინგი დაიწყო, საჯარიმოში თავისუფლად შევიდა და მახვილი კუთხიდან ალისონს გაუტანა, 3-1. ლივერპულისთვის თამაში აქ დასრულდა.
არტეტას გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადავიდა. “მეთოფეებმა“ 49 ქულა მოაგროვეს და კლოპის გუნდთან ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს.
Premier League
არტეტას გუნდის მნიშვნელოვანი გამარჯვება









