ედენ აზარისა და მოჰამედ სალაჰის გზები თავის დროზე ლონდონის ჩელსიში გადაიკვეთა. ერთად მათ ანგარიშზე ცხრა ჩატარებული შეხვედრა ფიქსირდება. ეგვიპტელმა ვინგერმა ვერ შეძლო "არისტოკრატებში" დამკვიდრება, რის შემდეგაც მას მოუწია წასვლა, ფლორენციის ფიორენტინაში, რომაში, ბოლოს კი ლივერპულში.
"წითლების" თავდამსხმელის გაბრწყინების მომენტისთვის დაღმასვლა დაეწყო ბელგიელ შემტევ ნახევარმცველს, რომელიც მადრიდის რეალში ჩაქრა. კითხვაზე, თუ ვინ არის მათ შორის საუკეთესო, პასუხი "ლურჯების" ლეგენდარულმა გამთამაშებელმა გასცა. მან მერსისაიდელთა მე-11 ნომერი საკუთარ თავზე წინ დააყენა.
"სალაჰი ძალიან კარგად ჯერ კიდევ ჩელსიში თამაშობდა. მახსოვს, ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი მოწინააღმდეგე იყო ბაზელი, რომლის შემადგენლობაში სწორედ მო თამაშობდა. მან ჩვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. რა მოხდა შემდეგ? აღმასვლა და დაღმასვლა კარიერის განუყოფელი ნაწილია. ის რასაც ეგვიპტელი ფორვარდი აკეთებს ლივერპულში, უბრალოდ სასწაულია.
ვინ უფრო ძლიერია, მე თუ "წითლების" თავდამსხმელი? მას უფრო წინ დავაყენებ", - განაცხადა ჩელსის ლეგენდარულმა მეათე ნომერმა. არსებობს მოსაზრება, რომ მერსისაიდელთა მე-11 ნომერი პრემიერ ლიგაში ატარებს თავის ბოლო სეზონს, რომლის დასრულების შემდეგ, ის საუდის არაბეთში გადავა.











