თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ საკმაოდ საინტერესო და დაძაბული მატჩი გამოვიდა. შეხვედრაში ანგარიში ირანმა მალევე გახსნა, კერძოდ, მატჩის მე-4 წუთზე გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, სარდარ აზმუნმა საკუთარი გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ გუნდებმა რამდენიმე მომენტი გაცვალეს და მალევე, მე-17 წუთზე, ანგარიშიც გათანაბრდა - აბდულსალამიმ აფიფის საგოლე გადაცემით ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმის მიწურულს კი, აფიფიმ უკვე საკუთარი ნაკრები წინ გაიყვანა და შესვენებაზე მარკესის გუნდი კარგ ხასიათზე გავიდა.
ირანმა გოლის გატანა, პირველი ტაიმის მსგავსად, მეორე ტაიმის დასაწყისშიც მოახერხა. გუნდის კიდევ ერთმა ლიდერმა, ალიზერა იაჰანბახშმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ანგარიში ისევ გათანაბრდა - 2:2.
მატჩის ბოლომდე ორივე გუნდს რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა გოლის გატანა ისევ კატარმა მოახერხა - მატჩის მიწურულს, 82-ე წუთზე თავი ალმოეზი ალიმ გამოიჩინა და თავისი ნაკრები ფინალში გაიყვანა.
მარკესის ნაკრებს ტიტულის დაცვის შესაძლებლობა ექნება. შეგახსნებეთ, წინა გათამაშების გამარჯვებული სწორედ კატარი გახდა, როდესაც 2019 წლის ფინალში იაპონია 3:1 დაამარცხა.
აზიის თასის ფინალი იორდანიასა და კატარს შორის 10 თებერვალს გაიმართება, თბილისის დროით 19:00 საათზე.









