3-კვირიანი შესვენების შემდეგ, პსჟ-მ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და პირველ მატჩს 13 აგვისტოს, სუპერთასზე ტოტენჰემის წინააღმდეგ გამართავს.
როგორც წესი, გუნდები ხანგრძლივ მოსამზადებელ ეტაპს გადიან ხოლმე, რათა სეზონს მზად შეხვდნენ როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად. პარიზელებს კი მოსამზადებლად მხოლოდ 5 დღე აქვთ.
ამასთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი პსჟ-ს ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა ალექსანდრ მარლეშმა გააკეთა.
"ისინი მზად არ იქნებიან. წარმოიდგინეთ. პსჟ-ს ფეხბურთელებმა მომდევნო კვირას ტოტენჰემთან უნდა ითამაშონ, შემდეგ კი ნანტთან. აზრი არ აქვს, ბოლომდე მზად არ იქნებიან", - განაცხადა მარლეშმა.
მოგეხსენებათ, პარიზელთა გვიან შეკრება იმით იყო განპირობებული, რომ მათ ხანგრძლივი სეზონი ჰქონდათ - ჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშეს, შემდეგ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის და დასვენების საშუალება არ მიეცათ.









