საუბარია ნომერზე, რომლითაც სხვადასხვა დროს თამაშობდნენ მიშელ პლატინი, რობერტო ბაჯო, ალესანდრო დელ პიერო და სხვა ლეგენდარული მოთამაშეები. ამ უკანასკნელის წასვლის შემდეგ, "ბიანკონერი" გეგმავდა აღნიშნული ნომრის ამოღებას, მაგრამ თავად ყოფილი იტალიელი ფორვარდის ინიციატივით, ეს არ მოხდა.
ალიანს სთეიდიუმის ბინადრების ლეგენდარულ კაპიტანს სურდა, რომ 10 ნომერი ახალი თაობის ფეხბურთელებისთვის ერთგვარი სტიმული ყოფილიყო. "პინტურიჩიოს" წასვლის შემდეგ, აღნიშნული ნომერი მოირგო კარლოს ტევესმა, პოლ პოგბამ, პაულო დიბალამ, ამიერიდან კი 10-იანით იუვეს ამომავალი ვარსკვლავიც ითამაშებს.
49 წლის ლეგენდარული თავდამსხმელი ჯერ კიდევ გასულ წელს ამბობდა, რომ მის 10 ნომერს სწორედ ილდიზი იმსახურებდა. ვეტერანმა შემტევმა თურქი ფორვარდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელა. ერთი სიტყვით, დელ პიერო მიესალმება იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ნომრის ტარების ტრადიცია ტურინში გრძელდება.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ფრანჩესკო ტოტის, რომლის წასვლის შემდეგ, 10-ნომრიანი მაისური რომაში არავის ჩაუცვამს. ლეგენდარული თავდამსხმელის აზრით, "ჯალოროსიში" აღნიშნული ნომრის ტარება არ არის მარტივი და ეს გარკვეული დამსახურებების შემდეგ უნდა მოხდეს. ცნობისთვის, ყოფილმა იტალიელმა ფორვარდმა 10-იანი არც პაულო დიბალასთვის გაიმეტა.
როდესაც "მგლების" ლეგენდარულ კაპიტანს ჰკითხეს, იმსახურებს, თუ არა არგენტინელი თავდამსხმელი 10 ნომერს, მან განაცხადა, რომ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის დედაქალაქურ კლუბში 10-20 წელს გაატარებს. რთული სათქმელია, გამოჩნდება თუ არა "კაპიტოლინიში" ისეთი მოთამაშე, რომელიც "იმპერატორის" გადმოსახედიდან აღნიშნულ ნომერს დაიმსახურებს.











