ბარსელონასა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენს შორის პრობლემები გრძელდება. როგორც ირკვევა, კატალონიურმა კლუბმა გერმანელი მეკარის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო.
ესპანური პრესის ინფორმაციით, ტერ შტეგენმა უარი თქვა, ხელი მოაწეროს ოპერაციის შემდეგ შედგენილ სამედიცინო ანგარიშს იმისათვის, რომ ბარსელონამ ეს ანგარიში ლა ლიგაში გადააგზავნოს და 33 წლის მეკარის ხელფასის 80%-ით პირველ წრეში სხვა ფეხბურთელები დაარეგისტრიროს. მას შემდეგ, რაც ტერ შტეგენმა ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა, ფეხბურთელმა ინფორმაცია საჯაროდ პირველად თავად გაავრცელა და განაცხადა, რომ მოედანს 3 თვეში დაუბრუნდებოდა. როგორც ირკვევა, 3-თვიანი ტრავმა საკმარისი არაა იმისათვის, რომ კლუბმა მის ადგილას ლა ლიგაში სხვა ფეხბურთელი დაარეგისტრიროს. გავრცელებული ინფორმაციით, ტრავმის მკურნალობას რეალურად 4 თვეზე მეტი დასჭირდება, თუმცა ამის მიუხედავად, გერმანელ მეკარეს არ სურს დოკუმენტს ხელი მოაწეროს, რაც ბარსელონას პრობლემებს უქმნის.
კლუბში ფეხბურთელის ამ გადაწყვეტილებას ძალიან ცუდად შეხვდნენ, რის გამოც გერმანელის დაჯარიმება განიხილება. უახლოეს პერიოდში ამ ქეისთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.









