512-კაციან ტურნირზე დღეს ბევრმა მონაწილემ მეორე შეხვედრა გამართა, და ორგანიზატორების თქმით, რამდენიმე ფავორიტიც კი გამოიკვეთა.
ტოპ მოთამაშეთა რაოდენობამ დღის ბოლოს იმატა, და გუშინდელი 19:1 და 29:0 ანგარიშები შეიცვალა დაძაბული ბრძოლებით და ერთბურთიანი გამარჯვებებით.

შემდეგ ტურში გადამსვლელთა მოლოდინში, ჩვენ მცირედი ინტერვიუ ჩავწერეთ ლევან “ფაქო” გოგორელიანთან:
LaGazzetta.ge: “რუსთავში და ბათუმში ვიხილეთ ძალიან ძლიერიც და ძალიან სუსტი მოთამაშეებიც, მაგრამ რას იტყვი მონაწილეების საშუალო დონეზე?”
ფაქო: “ყველას ეტყობა, რომ რუმებში ბევრს თამაშობს. ონლაინ მოთამაშეებსაც ეტყობათ დონე, მაგრამ რუმების მოთამაშეებს თითქოს მეტი გამოცდილება აქვთ ადგილზე, LAN-ზე თამაშის. მართალია, რომ გვყავდა სუსტი მოთამაშეებიც, რომლებმაც ოც გოლზე მეტი გაუშვეს, მაგრამ პირველივე ეტაპზე ჩვენ მივიღეთ რამდენიმე ისეთი თამაში, რომელიც ფინალსაც კი მოუხდებოდა.”
LaGazzetta.ge: “ბათუმში მოთამაშეთა შორის ბევრი სკოლის ასაკის ბავშვია. რას ფიქრობ საქართველოს მომავალზე კიბერ ფეხბურთში?”
ფაქო: “მეტი ყურადღება იქნება საჭირო, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი მოთამაშე იყო 14 დან 18 წლამდე. აუცილებელია აქაური ლიგის გაკეთება მათთვის, რაღაც სულ უნდა ხდებოდეს.”
LaGazzetta.ge: “ბათუმში 512 მოთამაშე დარეგისტრირდა, რა სიტუაციაა სხვა რეგიონების რეგისტრაციებში?”
ფაქო: “ძალიან მაგარი სიტუაცია გვაქვს, დიდი ამბავია, ბევრი რეგისტრაციაა და ორი ძალიან დიდი ტურნირი გველოდება. ამას უკვე დაზუსტებით ვიძახი.”
LaGazzetta.ge: ”რა მოლოდინია შედარებით მცირე ქალაქების ტურნირებისადმი?”
ფაქო: “ჩვენ მოვითათბირეთ და გვინდა, რომ ამბროლაური, ოზურგეთი და ზუგდიდი უზრუნველვყოთ ტრანსპორტირებით, ჩამოვიყვანოთ ქუთაისში და იქ გავაკეთოთ ჩემპიონატი.”


















