მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ერთმანეთს ზინედინ ზიდანი და ჯუდ ბელინგემი შეადარა. შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის ბოლო ტურში "სამეფო კლუბმა" გაანადგურა ჟირონა, ანგარიშით 4:0, ინგლისელმა კი დუბლის გაფორმებასთან ერთად, კუნთის დაზიანების მიღებაც მოასწრო.
"არის მომენტები, როცა ბელინგემი ზიდანს მაგონებს. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო ბურთთან მუშაობის ოსტატობა. დიახ, ზინედინის ტექნიკა იყო უფრო დახვეწილი, მაგრამ ჯუდი მომენტების დამაგვირგვინებელიც არის. გაიხსენეთ მისი პირველი გოლი ჟირონას კარში, ბევრი ასე ვერც ითამაშებდა", - განაცხადა იტალიელმა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი "ბლანკოსში" თამაშობს გასული ზაფხულიდან. ამ დროის განმავლობაში მან 29 შეხვედრაში 20 გოლის გატანა მოასწრო. რეალის ამჟამინდელი სპეციალისტი "ზიზუსთან" მუშაობდა 1999-2001 წლებში, ტურინის იუვენტუსში. მოგვიანებით, მათი გზები გადაიკვეთა მადრიდში, როცა 64 წლის დამრიგებლის ასისტენტი ზიდანი გახდა.









