დორტმუნდის ბორუსია ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. ამ გუნდმა გამოიარა "სიკვდილის ჯგუფი", რომელშიც იყვნენ პარის სენ-ჟერმენი, მილანი და ნიუკასლ იუნაიტედი. პლეიოფში კი ვესტფალიელებმა აჯობეს პსვ ეინდჰოვენს, მადრიდის ატლეტიკოსა და ისევ პსჟ-ს. რაც შეეხება ფინალს, მეტოქე მადრიდის რეალი იქნება.
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ჯილდოს სახით 20 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა "შავ-ყვითლები" ფინალში მარცხის შემთხვევაში ორჯერ უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებენ. ამის მიზეზი არის ჯუდ ბელინგემის ტრანსფერი სიგნალ იდუნა პარკიდან "სამეფო კლუბში". შეგახსენებთ, ეს გარიგება 103 მილიონი დაჯდა.
ინგლისელი შემტევი ნახევარმცველის კონტრაქტში არის ერთი საინტერესო პუნქტი - იმ შემთხვევაში, თუ ის "ბლანკოსთან" ერთად მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, დორტმუნდი დამატებით კიდევ 25 მილიონს მიიღებს. როგორც აღვნიშნეთ, გერმანული კლუბის მეტოქე ფინალში სწორედ კარლო ანჩელოტის გუნდი იქნება.
სანტიაგო ბერნაბეუზე გადასული შემტევი ნახევარმცველის სანაცვლოდ მიღებულ 25 მილიონ ევროსთან ერთად, ბორუსია ასევე მიიღებს 15.5 მილიონს, როგორც ვიცეჩემპიონი. როგორც ვხედავთ, ერთ მხარეს არის ჩემპიონთა ლიგის მოგება და 20 მილიონიანი პრიზი, მეორე მხარეს კი საერთო ჯამში 40.5 მილიონი და ვიცეჩემპიონობა.











