განვლილ ელ კლასიკოს ტრადიციულად ვნებათაღელვის გარეშე არ ჩაუვლია. ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო ინციდენტის ეპიცენტრში აღმოჩნდა მადრიდის რეალის ფორვარდი ვინი ჟუნიორი, რომელმაც მოედნიდან გასვლის შემდეგ, ემოციები ვერ მოთოკა. მას სურდა მოედანზე დარჩენა, მაგრამ ჩაბი ალონსომ სხვანაირად ისურვა.
ბრაზილიელი თავდამსხმელის გარშემო ბევრი მითქმა-მოთქმაა მის შესაძლო დისკვალიფიკაციასა და "სამეფო კლუბიდან" გაშვებაზე. დღეს, სიტყვით გამოვიდა თავად ბერნაბეუს ბინადრების მე-7 ნომერი, რომელმაც თავისი კლუბის ქომაგების წინაშე ბოდიში მოიხადა.
"დღეს მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა მადრიდისტას იმ რეაქციისთვის, რაც კლასიკოში შეცვლის დროს მქონდა. ეს უკვე გავაკეთე დღევანდელ ვარჯიშზე პირადად, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს თანაგუნდელებს, კლუბსა და პრეზიდენტს. ზოგჯერ ზედმეტად ემოციური ვარ, რადგან ყოველთვის მინდა გამარჯვება და გუნდის დახმარება.
ჩემი მებრძოლი ხასიათი გამომდინარეობს იმ სიყვარულიდან, რასაც ამ კლუბისადმი და მისი მნიშვნელობისადმი ვგრძნობ. გპირდებით, რომ განვაგრძობ ბრძოლას ყოველი წამით რეალ მადრიდის საკეთილდღეოდ — როგორც ვაკეთებ ამას პირველი დღიდან.
"









