მარტის თვეში, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს ისრაელისა და ლიეტუვის წინააღმდეგ ჩაატარებს.
მოახლოვებული მატჩების წინ, საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.
ამხანაგური მატჩების მიზნებზე
"ჩვენი ამოცანა ყოველთვის არის ის, რომ ვიპოვნოთ ბალანსი დაცვასა და შეტევას შორის. ამ მხრივ, ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები საკმაოდ რთული გამოდგა. შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და რაღაც შევცვალოთ. ეს ამხანაგური მატჩებიც ამას ემსახურება. ახალი იდეები, ახალი ფეხბურთელები, სადაც ბევრი სიახლის გატესტვა შეგვიძლია."
საუბარი ფეხბურთელებთან
"როგორც ვთქვი, ბოლო ციკლი რთული იყო. ჩემი აზრით, ტაქტიკაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის მიდგომებია. მსოფლიოს გამორჩეული მწვრთნელები - ანჩელოტი გვარდიოლა კლოპი, ტაქტიკაზე იშვიათად საუბრობენ და ძირითადად ფეხბურთელების მიდგომებზე აკეთებენ აქცენტს. ბოლო დროს, ფეხბურთელებთან ხშირი კომუნიკაცია მაქვს, მათ თამაშებსაც ვესწრები და ერთად უნდა ვიპოვნოთ პრობლემის მოგვარების გზა."
ერთა ლიგის წილისყრა
"ამ ეტაპზე იმის თქმა შემიძლია, რომ ერთა ლიგის ახალ გათამაშებას დიდი ამბიციებით შევხვდებით. როცა მოედანზე გავდივართ, ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვება და პირველი ადგილის დაკავებაა. ეს ამხანაგური მატჩები მოსამზადებლად მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა შემოდგომის ერთა ლიგას სრულად მზად შევხვდეთ."
გიორგი ქოჩორაშვილზე
"ქოჩორაშვილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მას მუხლზე პრობლემები აქვს. როგორც ვიცი, ის ნელ-ნელა მწყობრში დგება, მოედანს უბრუნდება და დიდი იმედი მაქვს, ივნისში დაგვიბრუნდება."
ახალ კაპიტანზე
"გურამ კაშია ჯერ ჩვენთანაა, მას პატივს ვცემ და სანამ ჩვენთანაა, კაპიტანი ის იქნება. ახალი კაპიტნის შესახებ ფეხბურთელებთან ერთად ვისაუბრებთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას ახალი კაპიტნის შესახებ."









