საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების და შავი ლომის მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა სამწვრთნელო შტაბი დააკომპლექტა - 53 წლის ინგლისელი სპეციალისტის ასისტენტები შონ სოვერბი და კონორ მაკფილიპსი იქნებიან.
შონ სოვერბი ბორჯღალოსნების დაცვის და დერეფნის მწვრთნელი იქნება. სარაგბო კარიერის განმავლობაში ის 2004-14 წლებში სტად ფრანსეს, ტულუზას და გრენობლის შემადგენლობაში თამაშობდა, ხოლო 2002 წელს სამხრეთ აფრიკის ნაკრებში 1 მატჩი ჩაატარა. სამწვრთნელო კარიერის მანძილზე სოვერბი 2014 წელს აღმოსავლეთ პროვინციის კინგსის, ხოლო 2015-17 წლებში მონპელის მთავრი მწვრთნელის ასისტენტი იყო. 2019-2023 წლებში კი ბიარიცის მთავარი მწვრთნელის პოსტი ეკავა.
კონორ მაკფილიპსი საქართველოს ნაკრებში და შავ ლომში შეტევის მწვრთნელად იმუშავებს. სარაგბო კარიერის დროს 2003-09 წლებში კონორი ირლანდიური კონაქტის ღირსებას იცავდა, ხოლო 2009 წლიდან სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. მაკფილიპსი 2016-17 წლებში კონაქტის, ხოლო 2017-2023 წლებში ბრისტოლ ბაარსის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.
რიჩარდ კოკერილს და მის სამწვრთნელო შტაბს პირველი გამოცდა 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ექნებათ - ტურნირი სტარტს 3 თებერვალს აიღებს და 17 მარტს დასრულდება.
ბორჯღალოსნების კალენდარი 2024 წლის რაგბი ევროპაზე:
გერმანია V საქართველო - 4 თებერვალი, 15:00 (დესაუ, გერმანია)
საქართველო V ნიდერლანდები - 10 თებერვალი, 14:00 (თბილისი, საქართველო)
საქართველო V ესპანეთი - 17 თებერვალი, 16:00 (თბილისი, საქართველო)
2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალური მატჩები 2-3 მარტს გაიმართება, ხოლო ფინალი 17 მარტს პარიზში ჩატარდება.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი
ბორჯღალოსნების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ასისტენტები წარადგინა









