ჯანლუიჯი ბუფონმა პარი სენ-ჟერმენში ტრანსფერი გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა მეკარემ საფრანგეთში ერთი სეზონი გაატარა, შემდეგ ის ტურინის იუვენტუსში დაბრუნდა. იტალიელ კარის დარაჯს ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილი ამოძრავებდა, მაგრამ სასურველ მიზანს მან ვერც პსჟ-ში მიაღწია.
"პარი სენ-ჟერმენში დამხვდა უბრალოდ წარმოუდგენელი შემადგენლობა. იუვენტუსსაც ჰყავდა ძლიერი ფეხბურთელები, მაგრამ იქ სულ სხვა განზომილება იყო. ვიფიქრე: ეს მოთამაშეები რომ გადმოვიყვანოთ ტურინში, ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ 4-ჯერ მოვიგებთ. უბრალოდ წარმოიდგინეთ: სილვა, ნეიმარი, მარკინიოსი, ვერატი, მბაპე...
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თავისი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე ჰქონდა. ვარსკვლავურ შემადგენლობას ზეწოლა და სირთულეები ყოველთვის თან სდევს. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ჩემს დროს პსჟ-ს გასახდელში დადებითი ატმოსფერო სუფევდა", - განაცხადა "ბებერი ქალბატონის" ყოფილმა მეკარემ.









