ცნობილმა ჟურნალისტმა და მწერალმა, ემანუელე ჯილანელიმ თავისი წიგნის, "Kvaradona. Un miracolo georgiano"-ს ("კვარადონა. ქართული სასწაული") შესახებ ისაუბრა, რომელიც ეძღვნება, ნაპოლის გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული წიგნი გასული წლის ივნისში გამოვიდა.
"რატომ გადავწყვიტე კვარაცხელიას შესახებ წიგნის დაწერა? - ბევრს ვწერ კავკასიის რეგიონსა და მის წარმომადგენლებზე. ვმოგზაურობ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. თავის დროზე დაწერილი მაქვს წიგნი საფეხბურთო კლუბ ყარაბაღის შესახებ. ამ ქვეყნების კულტურა და სამზარეულო ძალიან მიყვარს.
რას ეხება წიგნი Kvaradona. Un miracolo georgiano? იმას, რომ ერთხელ, საქართველოდან იტალიაში გადმოვიდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი - კვარა. მისი თამაში თავიდანვე მომეწონა და გადავწყვიტე ამ საკითხის საფუძვლიანად შესწავლა. მას აქვს გამორჩეული მონაცემები და საინტერესო საფეხბურთო ისტორია.
ჩემთვის ეს იყო შესაძლებლობა, რომ დამეწერა ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავის შესახებ. ხვიჩას ისტორიის პარალელურად, წიგნში დიდი ადგილი უკავია ქართულ კულტურას, სამზარეულოს, ლიტერატურასა და მუსიკას. ცხადია, არც ქართული ფეხბურთი გამომრჩენია. ჩემთვის აღნიშნული წიგნი განსაკუთრებული ნამუშევარია.
აქვს თუ არა წაკითხული ეს წიგნი თავად ქართველ ფეხბურთელს? - არ ვიცი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მისმა მამამ, ბადრიმ ეს უკვე გააკეთა. წიგნის ერთ-ერთი ასლი სწორედ მას გავუგზავნე. ცნობისთვის, წიგნის პრეზენტაციაზე იყო ბუფონი, რომლის აზრითაც, ნაპოლის ვინგერი ოქროს ბურთის მომავალი მფლობელია", - განაცხადა იტალიელმა მწერალმა.












