LaGazzetta.ge პოლონეთის ქალაქ პოზნანშია და საქართველოს ნაკრების მატჩისწინა ვარჯიშს დაესწრო, რომელიც ტრადიციულად სანიოლის სიტყვით გამოსვლით დაიწყო.
როგორც ჩანს, ფრანგ სპეციალისტს ვარჯიშის წინა მონოლოგი კარგად აქვს დაცდილი და რამდენჯერაც ფეხბურთელებს სამოტივაციო მესიჯებს აწვდის, მეორე დღეს ეს სიტყვები მათ ყოველთვის მოედანზე გადააქვთ.

ვარჯიშის წინ, ფეხბურთელები ე.წ. "ორ შეხებას" თამაშობდნენ. კვარა, ზუკა და ჩაკვე ერთ წრეში იყვნენ, თუმცა როგორც ჩანს, ჩაკვეტაძე ზურიკო კვარასთან სულ აგედა და თამაში სხვებთან ერთად გააგრძელა. განაწყენებულ ჩაკვეს ზურიკო და კვარა ეძახდნენ "მოდი აღარ მოგიგებთო" და ამასობაში, ვარჯიშიც დაიწყო.
ნაკრებმა პოზნანის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა. ქალაქში საკმაოდ ცივა. მთავარი სტადიონის ბალახი, სადაც მატჩი უნდა ჩატარდეს, ცოტა გაფუჭებულია, მაგრამ ასე იყო ალბანეთშიც და რა შედეგი მივიღეთ, კარგად გვახსოვს.
პოზნანის სტადიონი 42 ათას გულშემატკივარს იტევს. მისი შიდა ინტერიერი "ბათუმი არენას" მოგვაგონებს. სტადიონის ირგვლივ ლეხ პოზნანის ლეგენდების პოსტერებია გამოკრული, მათ შორის რობერტ ლევანდოვსკისაც.

ვინაიდან უკრაინა საკუთარ ქვეყანაში ვერ თამაშობს, დიდია შანსი, ხვალ მათ გულშემატკივრობაშიც ვაჯობოთ, რადგან პოზნანში ათასობით ქართველია თავმოყრილი.
ვარჯიშს რომ მივუბრუნდეთ, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მსუბუქი ვარჯიში იყო. სანიოლის მიზანია, ფეხბურთელებმა რაც შეიძლება მეტი დაისვენონ. იყო გახურება და მცირე ტაქტიკური ვარჯიში. სასტუმროში დაბრუნებულ ფეხბურთელებს შესასვლელთან ბევრი ქართველი დახვდა და ავტოგრაფებსაც ითხოვდნენ. ვინაიდან ფეხბურთელებმა ვარჯიშის შემდეგ შხაპი ვერ მიიღეს და პირდაპირ სასტუმროში წავიდნენ, დიდი ხნით გარეთ გაჩერება ვერ შეძლეს და ოთახებში დაბინავდნენ.
მოკლედ რომ ვთქვათ, ნაკრებში ბრწყინვალე განწყობაა, ყველა მხირულობს, ბედნიერია, რადგან ერთად არიან და სჯერათ, რომ სამშობლოში გამარჯვებულები დაბრუნდებიან.











