მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა და სპორტულმა დირექტორმა ზვონიმირ ბობანმა Milan Hello-სთან ინტერვიუში საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა.
- თქვენი აზრით, დიდი განსხვავებაა დღეს ინტერსა და მილანს შორის?
- როდესაც შედეგებს ვუყურებთ, სხვაობა აშკარაა. როდესაც კლუბების მიერ ნაჩვენებ შედეგებს ვუყურებთ, ყველაფერი აშკარა ხდება. ტექნიკურ დონეზე არ მგონია, სხვაობა ძალიან დიდი იყოს. თუ მილანი სამ ან ოთხ სწორ ტრანსფერს გააკეთებს, რაც ცოტათი დააბალანსებს გუნდს და თამაშს ლოგიკას შესძენს, მაშინ შეგვეძლება ვთქვათ, რომ ანგარიშგასაწევი გუნდი გახდება. ახლა ეს ასე არ არის. ინტერი კონკურენტუნარიანი გუნდია, სადაც ყოველთვის იციან რას აკეთებენ. მათ აქვთ მკაფიო იდენტობა, რაც სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს.
- როდის მიხვდით, რომ თქვენსა და უფროსობას შორის სიტუაცია შეიცვალა?
- თავიდანვე. უკვე პაოლოსთან ერთად ვიყავი, როდესაც მითხრეს თუ როგორ აპირებდნენ მუშაობას, რაზეც რა თქმა უნდა უარყოფითი რეაქცია მქონდა და პაოლოს ვუთხარი, მილანის საკეთილდღეოდ უნდა ვიბრძოლოთ, პაოლომ კი მითხრა: "მეტ-ნაკლებად". ეს ძალიან დიდ გამოწვევად მივიღე, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ძალიან მალე დასრულდა. აგვისტოში ის ძალაუფლება რაც გამაჩნდა, უბრალოდ წამართვეს. ბევრი მახინჯი დეტალია, მაგრამ ნუ დავამძიმებთ ხალხს ამდენი პატარა, უსარგებლო ისტორიით, სასაცილო სისაძაგლით და აბსურდულად დაწესებული შეზღუდვებით. ვამაყობ იმით, რაც გავაკეთეთ - პაოლოსთან (მალდინი) და რიკისთან (მასარა) ერთად დავამტკიცეთ, რომ ძალიან კარგად ვმუშაობდით, მიუხედავად დიდი სირთულეებისა. საბოლოო ჯამში ამ მუშაობამ ტიტულის მოგებამდე მიგვიყვანა.
სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. პირველი წელი - ყველაფრის გაწმენდა, მეორე წელი - სტაბილურობა და მესამე წელი - კონკურენტუნარიანობა. მსოფლიოში ყველა აქტივობაში სამი წელია საჭირო, მილანის მსგავს კლუბში კი ეს მინიმუმია. თუმცა, სამი თვის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა... მაგრამ ფონდი ასე მუშაობს. ისინი მხოლოდ ფინანსებზე ფიქრობდნენ. საქმე სისასტიკეში არ არის, საქმე იმაშია, რომ მათ ფეხბურთი არ ესმით.
- მილანში ზოგიერთი ფეხბურთელის ტრანსფერებზე საუბრისას, გარკვეულ ოპერაციებს მონკადას აწერენ. როგორი ურთიერთობა გქონდათ მასთან?
- ის შესანიშნავი სკაუტია. მაგრამ მსოფლიოში ყველა სკაუტი ერთმანეთს ჰგავს. შესაძლოა, ვინმემ ესა თუ ის მოთამაშე დაინახოს, მაგრამ მაგალითისთვის, როცა საქმე ლეაოს ეხებოდა, მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, შეეძლო თუ არა რაფას გარკვეული დამოკიდებულებების შეცვლა მილანში სათამაშოდ. მონკადა შესანიშნავი სკაუტია, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ჩვენ ვირჩევდით ფეხბურთელებს. ის ახალ მოთამაშეებს გაგვაცნობდა და საქმეს ეხსნებოდა... სხვა დეტალებს ყურადღებას არ აქცევდა, მაგალითად თუ რას ნიშნავს სან სიროზე თამაში და ა.შ. ვფიქრობ, ჩვენ კარგად ვაჩვენეთ, რომ გვესმის ესა თუ ის საკითხი, ვის შეეძლო ამ გუნდის მაისურით კარგად თამაში და ვის არა.
-არიან თუ არა ისეთი ფეხბურთელები, რომელთა შეძენაც თქვენ და მალდინის გინდოდათ, მაგრამ ამის გაკეთებაში ხელი შეგიშალეს?
- პირადად მე, დანი ოლმოს ტრანსფერის დახურვა გადავწყვიტე, მაგრამ მათ ამის გაკეთება არ სურდათ. საუბარი მაქვს 2020 წლის იანვარზე - ყველაფერი შეთანხმებული იყო, ჩვენ ვსაუბრობდით 20 მილიონიან გარიგებაზე. არც ოლმო ითხოვდა ძალიან ბევრს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ტრანსფერი ჩაიშალა. შემდეგ იყო სობოსლაის გარიგება, სადაც ყველაფერი შეთანხმებული იყო, კიდევ ერთი 20 მილიონიანი ტრანსფერი, რაზეც კიდევ ერთხელ მივიღეთ უარი და შემდეგ ვთქვი: "რა ჯანდაბა ხდება?“. შემდეგ ვცადე მათთან შეხვედრა, მაგრამ ორი თვის განმავლობაში არ სურდათ ჩვენი ნახვა და ამიტომ მომიწია იმის გაკეთება, რაც გავაკეთე. ზოგისთვის ეს მოულოდნელი იყო.
შევთანხმდით, რომ რა შემოსავალსაც კლუბი ფეხბურთელების გაყიდვით მიიღებდა, ახალ ტრანსფერებს მოხმარდებოდა. პიონტეკისა და სუსოს გაყიდვით 50 მილიონი ავიღეთ, სწორედ ეს თანხა იყო საჭირო ოლმოსა და სობოსლაის ტრანსფერების დასახურად, მაგრამ მათ უარი თქვეს ამ ორ გარიგებაზე.
- მალდინის გაშებაზე რას გვეტყვით...
- მილანის ისტორიაში სამარცხვინო გვერდია... სამარცხვინო გზით გაკეთებული. უხამსი, მიუღებელი და კიდევ ათასი ცუდი რამის თქმა შემიძლია. მათთვის პაოლო წარმოადგენდა უკანასკნელ დაბრკოლებას იმის გასაკეთებლად, რაც სურდათ. მალდინი ტონალის არასდროს გაუშებდა გუნდიდან... სწორედ ამიტომ მოიშორეს პაოლო და მათ ეს ყველაფერი საზიზღრად გააკეთეს.
- რას ფიქრობთ კლუბის პრეზიდენტზე, პაოლო სკარონიზე?
- ადამიანი, რომელიც ფეხბურთში არ უნდა იყოს. მას არაფერი აქვს საერთო ფეხბურთთან, მას არაფერი აქვს საერთო მილანთან.
- ჯორჯო ფურლანისთან თქვენს ურთიერთობაზე მოგვიყევით.
- ჯორჯო ფურლანი მილანის გულშემატკივარია... ნამდვილი მილანის გულშემატკივარი. თუმცა, თავისებურად. ის სხვანაირად აღზრდილია. ის მათემატიკოსი იყო, ფონდის ბიზნესმენი და ეს მისი ხედვის სტილია. მას არ შეუძლია კარგად განასხვავოს, თუ რას წარმოადგენს მილანი ჩვენთვის. მაგრამ ის მთელი ცხოვრება კლუბს უჭერდა მხარს, მას ჰყავდა უფროსები, რომლებიც ივიწყებენ ვნებას, სპორტს, ფეხბურთს. მას არ ადარდება მალდინი და მასარა გუნდში დარჩებოდნენ თუ არა, ახლა კი მხოლოდ მონკადას უსმენს, კარგ სკაუტს, მაგრამ სხვა მნიშვნელოვან დეტალებს ყურადღებას არ აქცევს. მისთვის პრიორიტეტული სხვა საკითხებია და მე ეს მესმის.
- ახალი სპორტული დირექტორი...
- თუ ისინი სპორტულ დირექტორს დანიშნავენ, ის სრულიად ჩაკეტილი იქნება, პრაქტიკულად ამბიციების გარეშე. არ მგონია, რომ მას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს, რომელსაც შეეძლება ისტორიის შეცვლა. ამის ნაცვლად, მას უნდა ჰქონდეს კლუბის წარმომადგენლის როლი, იყოს შუალედური გუნდს, მწვრთნელსა და კლუბს შორის. მან უნდა დაინახოს, როდის არის მოთამაშე კრიზისში, როდის არის მწვრთნელი კრიზისში ან შეიძლება ცოტა განაწყენებული. სპორტული დირექტორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი ასე არ ხედავენ ამას.
- ზლატან იბრაჰიმოვიჩის საქმიანობას როგორ შეაფასებდით?
- იბრა ძალიან მიყვარს და ყოველთვის ასე იქნება, განსაკუთრებით იმ მომენტის გამო, როდესაც ის დაბრუნდა და რაც მან მილანს იმ წელიწადნახევრის განმავლობაში მისცა, მაგრამ რასაც ახლა აკეთებს, ის არ ჰგავს იბრაჰიმოვიჩს. ძალიან ვწუხვარ, მისი ქცევები არ არის კარგი, მაგრამ ეს არავისთვის არ არის კარგი, რადგან ის არაჩვეულებრივი ადამიანია და ნებისმიერ შემთხვევაში მან მილანს ბევრი რაღაც მისცა. იმედი მაქვს, რომ ის სწორ დასკვნებს გამოიტანს და გამოეყოფა ორგანიზაციას.
- მალდინისთან ხშირად საუბრობთ?
- ვსაუბრობთ, დიახ. ის იტანჯება, ვიცი, რომ იტანჯება. ის ძალიან მიჯაჭვულია მილანზე, ის დაიბადა როგორც ნამდვილი მილანისტა. პაოლომ მთელი ცხოვრება მილანისთვის გაიღო. რამდენიმე დღის წინ ვუთხარი, რომ საბოლოოდ ის ბედნიერი უნდა იყოს, რადგან ამას იმსახურებს.
დაბრუნდება თუ არა მილანში? ვინ იცის... ადრეც გვისაუბრია ამაზე, რაც ვიცი ისაა, რომ პაოლო ყოველთვის მზად იქნება მილანში დასაბრუბეულად. მოხდება თუ არა ეს, არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. გულწრფელად რომ გითხრათ, მსგავსი რამ რომც ეთქვა, აქ არ გაგიმხელდით.
-როგორ უნდა გამოვიდეს მილანი ამ სიტუაციიდან? რას ეტყოდით "როსონერის“ გულშემატკივრებს?
- ვიმედოვნებ, რომ გარკვეულ მომენტში უფრო ამბიციური, ფეხბურთზე ორიენტირებული მფლობელი ეყოლება კლუბს, რომელიც გაიგებს, თუ რა არის მილანი, კარგად გაიაზრებს მის ღირებულებებსა და მის სიდიადეს. დღევანდელმა მფლობელებმა სტაბილიზაცია მოახდინეს, კარგ მარკეტინგს აკეთებენ და იმედი მაქვს ისინი კურსს შეიცვლიან, მოიყვანენ ადამიანებს, რომლებსაც ესმით ფეხბურთი, მათ ვისაც შეუძლიათ ააშენონ განსხვავებული და გამარჯვებული მილანი, ან როგორც მინიმუმ კონკურენტუნარიანი მაინც.









