28 წლის მარცხენა მცველი თავის პოზიციაზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. პოლონეთისა და სერბეთის ჩემპიონატებში მისი კარიერა სათანდოდ ვერ აეწყო, თუმცა დღეს გიორბელიძე თურქული ერზურუმსპორის რიგებში გამორჩეულ მატჩებს ატარებს და გასულ ტურში გოლიც გაიტანა.
LaGazzetta.ge-სთან გიორბელიძემ თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და თავის სამომავლო მიზნები გაგვაცნო.
"გუნდის მთავარი მიზანი თურქეთის სუპერლიგაში მოხვედრაა. კარგი გუნდი ვართ, აქ თავს მეც კარგად ვგრძნობ და ჩემი აზრით, შეგვწევს ძალა, რომ მიზანს მივაღწიოთ. 2 წლის განმავლობაში გამოვლილი ბევრი პრობლემის შემდეგ, ფორმაში შევედი და შრომას ვაგრძელებ"
კონკრეტულად რა პრობლემებზეა საუბარი?
"ყველაფერი პოლონური ზაგლებიედან დაიწყო. როგორც ჩანს, ამ გუნდის მწვრთნელს ქართველები დიდად არ მოსწონდა. მეც და გაფრინდაშვილიც იჯარით გაგვიშვა. მე ბათუმში ჩამოვედი, აქ ტრავმა მივიღე და დიდი ხანი გამოვტოვე. ამასობაში, წავედი სერბულ ვოივოდინაში. 3-4 მატჩი მაღალ დონეზე ჩავატარე და ისევ ტრავმა მივიღე. ერთ-ერთი მატჩი ტრავმიანმა ვითამაშე და გამორჩეულიც ვიყავი, რის შემდეგაც ეროვნული ნაკრებიდან დარეკეს, ევროპის ჩემპიონატის გაფართოებულ სიაში ხარო. ამან ორმაგი მოტივაცია მომცა და მინდოდა, თავი შემდეგ თამაშებშიც გამომეჩინა, მაგრამ მწვრთნელმა მითხრა, ტაქტიკურ ცვლილებებს ვაკეთებ და სკამზე უნდა დაჯდეო. ცუდია, რომ ეს ყველაფერი ევრო 2024-ის წინ მოხდა."

რამდენად რთული იყო შენთვის, როცა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი გქონდა, თუმცა მატჩებს მხოლოდ ეკრანებიდან უყურებდი?
"ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი იყო. ევროს პერიოდში სერბეთში სულ მარტო ვიყავი და ურთულესი გადასატანი იყო. ჩვენი ბიჭების თამაშებს ვუყურებდი და სიამაყით ვივსებოდი. მინდოდა, მეც ამის შემადგენელი ნაწილი ვყოფილიყავი"
ამ ყველაფრის ფონზე, თვლი თუ არა, რომ დღეს შენს კარიერაში უკვე ყველაფერი კარგადაა და ხარ თუ არა ორმაგად მოტივირებული?
"არ მინდა გეგონოთ, რომ ნაკრებში რეგრესის გამო არ ვარ. არა, პირიქით, ყველა მატჩში თავს შევაკლავ, რათა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს. უბრალოდ, ფეხბურთში ბევრი პრობლემა ვნახე, მათ შორის ტრავმებიც. ახლა კი თავს იდეალურად ვგრძნობ. როგორც გითხარით, კარგ გუნდში ვარ და ჩათვალეთ, კარიერას ახლიდან ვიწყებ."
შენს ნაკრებში ყოფნას დაემთხვა ის პერიოდი, როცა გუნდი ერთმუშტად შეიკრა, მეგობრული გარემო ჩამოყალიბდა და ეს უკვე წარმატების საწინდარი გახდა...
"დიახ, სახალისო ვიდეოებს ვიღებდით, ვთამაშობდით, ვმაიმუნობდით, განწყობას ვიქმნიდით და ეს ყველაფერი ჩენს ურთიერთობასა და შემდეგ უკვე შედეგებზე ისახებოდა. ბევრს შეიძლება არ მოეწონოს და თქვას, ფეხბურთელები არიან და "ტიკ-ტოკ" ვიდეოებს იღებენო, მაგრამ ვფიქრობ, ცუდი არაფერი გაგვიკეთებია და ვმხიარულობდით"

პირველად ნაკრებში ვილი სანიოლის დროს მოხვდი, თუ გქონდა ამ პერიოდში მასთან კომუნიკაცია?
"ვილისთან არა, მაგრამ მის ასისტენტ ადელ ჩადლისთან მიმოწერა რამდენიმე დღის წინ მქონდა. მითხრა, რომ ვილი აქტიურად მაკვირდება და თუ ასე გააგრძელებს, შანსი აუცილებლად მიეცემაო. ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა, რადგან ჩემი მთავარი საფიქრალი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაა"
როგორც მარცხენა მცველისთვის, რამდენად კომფორტულია, როცა ფლანგზე ისეთი დონის ფეხბურთელი გყავს, როგორიც კვარაცხელიაა?
"ვფიქრობ, კვარასთვის უფრო კომფორტულია, რომ ფლანგზე მე ვყავარ, ვიდრე პირიქით (იცინის)."
"ბოლოს, გულშემატკივარს მინდა ვუთხრა, რომ იმაზე ძლიერი დავბრუნდები, ვიდრე აქამდე, რადგან ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე, განვვითარდი და ეროვნულ ნაკრებში ყოფნას ასმაგი მოტივაციით ველოდები"










