ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი იუწყება, რომ ჟოან ლაპორტას დაჟინებულმა მოთხოვნამ შედეგი გამოიღო - "ბარსას" პრეზიდენტს ჩავის დარჩენა ყოველთვის სურდა და მის დარწმუნებას ამ დრომდე ცდილობდა.
ამავდროულად, კატალონიური გამოცემის, Mundo Deportivo-ს ცნობით, ჩავი "ბლაუგრანასთან" კონტრაქტს ბოლომდე მიიყვანს და გუნდის სათავეში 2025 წლამდე იქნება. ვინაიდან ვერდიქტი უკვე გამოტანილია, ლაპორტა ხვალ პრესასთან ისაუბრებს.
ჩავიმ "ბარსას" დატოვება 28 იანვარს გადაწყვიტა და აღნიშნა, რომ "კლუბს დინამიკის შეცვლა სჭირდებოდა". ჟოან ლაპორტამ ერნანდესის მოთხოვნა მიიღო, მაგრამ მოგვიანებით, მის გადარწმუნებაზე მუშაობა დაიწყო.
ჩავისა და დეკუს დღევანდელი შეხვედრა 1 საათი და 15 წუთი გაგრძელდა. მის დასრულებამდე, ჟერარ რომერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერნანდესი კლუბის ზეწოლით უკმაყოფილო იყო, რადგან მას სამწვრთნელო შტაბში ცვლილებების შეტანა სთხოვეს, მათ შორის, თავისი ძმის გაშვება და, სავარაუდოდ, დომენეკ ტორენტის მოყვანა. თუმცა, როგორც გამოჩნდა, მხარეებს შორის ყველაფერი მოგვარდა.
ამჟამად შეხვედრა ლაპორტას სახლშიც მიმდინარეობს, სადაც ჩავი, რაფა იუსტე, დეკუ, ბოიან კრკიჩი და ენრიკ მასიპი იმყოფებიან. მოგვიანებით, მათ ჟოან სოლერიც შეუერთდა, რომელიც ხელმძღვანელობის ერთადერთი წევრი იყო, რომელიც შეხვედრაზე არ იყო.









