როგორც ჩანს, მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შედის და კვარაცხელიას მომავალი მალე გახდება ცნობილი, რადგან მომდევნო კვირას კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი, იტალიაში მიფრინავს - მიზანი კლუბის პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან, შეხვედრაა.
სიტუაცია დაულაგებელია - დე ლაურენტისს კვარასთან კონტრაქტის გახანგრძლივება და მისი დატოვება სურს. პრეზიდენტი თავის მხრივ კი ამბობს, რომ თუ ხვიჩას ნაპოლიში თამაში არ უნდა, შეუძლია ზაფხულშივე წავიდეს, ამას ისიც ემატება, რომ ქართველის მიმართ ინტერესი ტოპ კლუბებიდან დიდია.
როგორც LaGazzetta Dello Sport Georgia-სთვის არის ცნობილი, ჩავის ბარსელონაში დარჩენამ კვარაცხელიას ამ გუნდში გადასვლის შანსები გაზარდა, რადგან თავის დროზე, კვარაცხელიას ტრანსფერსა და მისდამი ინტერესში ესპანელი სპეციალისტიც იყო ჩართული.
როცა ჩავი მომავალი სეზონისთვის გუნდის დაკომპლექტებასა და გაძლიერებას დაიწყებს, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ნაპოლის ლიდერი იქნება.
კვარაცხელიას შენარჩუნება ნაპოლის ზაფხულში კიდევ უფრო გაუჭირდება, რადგან ნეაპოლელები შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებენ, სავარაუდოდ, გუნდს ვიქტორ ოსიმენიც დატოვებს.
ჯუღელის თქმით, კვარაცხელიას მომავალი ცნობილი მაისის თვეში გახდება. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.











