ჟოზე მოურინიომ დაასახელა ფეხბურთელი, ვისაც მის სამწვრთნელო კარიერაში დღემდე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. პორტუგალიელი სპეციალისტისთვის ასეთი მოთამაშე არის სკოტ მაკტომინეი, რომელსაც მან შანსი მანჩესტერ იუნაიტედში მუშაობის დროს მისცა.
"მანჩესტერში მუშაობის დროს პოგბა დავსვი სათადარიგოთა სკამზე და მის ნაცვლად მაკტომინეი შემოვიყვანე. ის იყო ფეხბურთელი, რომელიც იხარჯებოდა თავიდან ბოლომდე, მე კი სწორედ ასეთები მჭირდებოდა. შანსი მივეცი მოთამაშეს, რომელიც იუნაიტედში მოვიდა 9 წლის ასაკში, 10-11 წლის შემდეგ კი ჩემი დამსახურებით უკვე მთავარ გუნდში აღმოჩნდა.
არასდროს მეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ სკოტი ტოპ ფეხბურთელი გახდებოდა. ჩემს ბიჭად ვთვლიდი, რადგან ჩემთვის ყველაფერს გააკეთებდა. რეალში ასეთი მოთამაშე იყო ვარანი, "წითელ ეშმაკებში" კი შოტლანდიელი შუახაზელი. ის სამუდამოდ ჩემს ბიჭად დარჩება."









