ტურინის იუვენტუსის ახალწვეულმა თავდამსხმელმა, ჯონათან დევიდმა თავისი საყვარელი ფეხბურთელი დაასახელა. ბევრს ეგონა, რომ კანადელი ფორვარდი იტყოდა ისეთ მოთამაშეს, რომელიც ითამაშებდა "ბიანკონერიში", მაგრამ მან დაასახელა მილანის ინტერის ყოფილი შემტევი, სამუელ ეტო'ო.
"იუვენტუსის ისტორიის შესახებ ყველაფერი ვიცი და ისიც ცნობილია ჩემთვის, რომ ამ გუნდში არაერთ დიდ ფეხბურთელს უთამაშია. მაგალითისთვის ტრეზეგე, რონალდუ ან დიბალა, მაგრამ ჩემი ბავშვობის კერპი ყოველთვის ეტო'ო იყო. დიახ, მას არ უთამაშია ტურინში, მაგრამ ეს ჩემს დამოკიდებულებას არ ცვლის."
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული კამერუნელი თავდამსხმელი "ნერაძურიში" თამაშობდა 2009-2011 წლებში და მან ორი გოლის გატანა "ბიანკონერისთვისაც" მოასწრო. რაც შეეხება კანადელ ფორვარდს, ის იტალიურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.









