ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი, რომელსაც უნდა დავაკვირდეთ - წყალტუბოს სამგურალის შემტევმა საბა ჩხეტიანმა გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონატში 4 მატჩი ჩაატარა.
წელს საბა თურქულ შეკრებაზე სამგურალთან ერთად იყო და გამორჩეული მატჩები ჩაატარა, სადაც ჯამში 3 გოლი გაიტანა.
ამ ყველაფრის ფონზე, წელს ახალგაზრდა შემტევისგან ბევრ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ.
უკვე მეორე სეზონია სამგურალის ძირითად გუნდში ვარჯიშობ და თამაშობ, რამდენად დიდ გამოცდილებას იღებ?
"17 წლის ასაკში ძირითად გუნდში თამაში დიდი პასუხისმგებლობა და დიდი მოტივაციაა. გუნდში სიტუაცია ძალიან კარგია, ახალგაზრდა ფეხბურთელითვის ასეთი გარემო ძალიან მნიშველოვანია. ვარჯიშებზე ყოველდღიურად ბევრს ვსწავლობ და ეს მომავალში ძალიან გამომადგება."
პირველი მატჩი ეროვნულ ლიგაში გასულ წელს ჩაატარე, როგორი იყო ემოციები?
"ჩემი დებიუტი გასულ წელს დინამოსთან შედგა ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო. კარგი შეგრძნებაა, როდესაც ამ ასაკში უმაღლეს ლიგაში პირველ ნაბიჯებს დგამ. ეს ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო."
წელს თურქულ შეკრებაზე თავი გამოიჩინე და რამდენიმე მატჩში გოლიც გაიტანე...
"თურქული შეკრება ჩვენთვის ძალიან ნაყოფიერი გამოვიდა. ჩემთვის პირველი შეკრება იყო დიდ გუნდთან ერთად. თამაშებმა კარგად ჩაიარა, მოვახერხე 3 გოლის გატანა, რამაც თავდაჯერებულობა მომცა. მიხარია რომ მწვრთნელი მენდო და თამაშებში ჩართვის საშუალება მომცა. თითოეული მატჩი ჩემთვის შანსი იყო"
რა იქნება სამგურალის მიზნები მიმდინარე სეზონში?
"სეზონი გაგრასთან გამარჯვებით დავიწყეთ, რაც გვაძლევს მოტივაციას ასე გავაგრძელოთ და კიდევ უკეთესი თამაშები ვაჩვენოთ. პირველი მატჩის მოგება ყოველთვის მნიშვნელოვანია ხოლმე, დანარჩენს სეზონის მიმდინარეობა გვაჩვენებს"
რომელია შენთვის ყველაზე კომფორტული პოზიცია და ვინ არის შენს პოზიციაზე საყვარელი ფეხბურთელი?
"შეტევაში ორივე ფლანგზე შემიძლია თამაში, მაგრამ უფრო კომფორტულად თავს მარცხნივ ვგძნობ. იქიდან უკეთესად შემიძლია ჩემი პლიუსების წარმოჩენა. ჩემ პოზიციაზე საყვარელი ფეხბურთელი პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კვარაა, მაგრამ ასევე ძალიან მომწონს რაფა ლეაოს სათამაშო სტილი."
რა არის შენი მთავარი საფეხბურთო ოცნება?
"ჩემი სურვილია ასაკობრივ ნაკრებში გამომიძახონ და ამისთვის მონდომებას არ დავაკლებ, ხოლო ჩემი მთავარი ოცნება არის პირველ რიგში ეროვნულ ნაკრებში და რომელიმე ტოპ ჩემპიონატში თამაში"









