საქართველოს ქალთა საფეხბურთო ლიგის 2025 წლის სეზონის გამარჯვებულმა, "ნიკე ლუსომ" კასპის ცენტრალურ სტადიონზე მოქმედი ჩემპიონის რანგში „კვარტალს“ უმასპინძლა.
ჩემპიონებმა 4-0 მოიგეს. ანგარიში მატჩის მე-5 წუთზე გუნდის ლეგიონერმა, არინა სიტნიკავამ გახსნა, უპირატესობა მე-13 წუთზე თეონა ბაქრაძემ გაზარდა, აღსანიშნავია, რომ ბაქრაძემ 2025 წლის სეზონი 38 გოლით დაასრულა. 24-ე წუთზე ნინო ბუხრიკიძემ ანგარიში 3-0 გახადა, საბოლოო შედეგი კი ბუხრიკიძის დუბლით დაფიქსირდა. ნიკე ლუსომ 4-0 გაიმარჯვა, სეზონი დაუმარცხებლად დაასრულა, სატურნირო ცხრილში 34 დააგროვა და 12 ქულით გადაასწრო მეორეადგილოსან ლანჩხუთს.
მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს 2025 წლის ჩემპიონს, „ნიკე-ლუსოს“, კუთვნილი ჯილდო სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი ალადაშვილმა გადასცა. ჩემპიონებსა და მესამე ადგილზე გასულ „კვარტალის“ ფეხბურთელებს, ოქროსა და ბრინჯაოს მედლები ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნინო სორდიამ და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა გადასცეს.









