დღეს გაირკვევა ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი ნახევარფინალისტის ვინაობა - რეალი ესტუმრება ბაიერნს, არსენალი კი სპორტინგს მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
ბაიერნი V რეალი (2:1) | 23:00
ამ გუნდების პირველ მატჩში გამარჯვებული გამოვიდა ბაიერნი, რომელმაც გასვლაზე რეალის დამარცხებით, ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. გამოსარჩევია ისიც, რომ ეს იყო მიუნხენელთა პირველი მოგება მადრიდელებთან, 2012 წლის შემდეგ. ბევრი უკვე ულოცავს "რეკორდმაისტერს" 1/2 ფინალში გასვლას, მაგრამ ისტორიამ არაერთხელ გვიჩვენა, "სამეფო კლუბის" ნაადრევად ჩამოწერა არ შეიძლება.
სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრების მხრიდან გვხვდება რემონტადას უამრავი მაგალითი, პირველ მატჩში წარუმატებლობის შემდეგ. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ალვარო არბელოას განკარგულებაში ტრავმის გამო არ იქნებიან ტიბო კურტუა, როდრიგო გოესი და ჟოან მარტინესი, საეჭვოა რაულ ასენსიოს თამაშიც.
დისკვალიფიკაციის გამო ორელიან ჩუამენიც არ ითამაშებს. ალიანც არენას ბინადრების მხრიდან არ იქნებიან სვენ ულრაიხი, ლენარტ კარლი და რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე. აქვე დავამატებთ, რეალსა და ვენსან კომპანის შეგირდებს შორის მოგებული 1/2 ფინალში პარის სენ-ჟერმენს შეხვდება.
ეს იქნება ამ გუნდების რიგით 30-ე მატჩი და იქამდე გვხვდება 13 გამარჯვება ბაიერნის მხრიდან, 12 - მადრიდის, 4 თამაშიც ფრედ დასრულდა. როგორც აღვნიშნეთ, 2012 წლის შემდეგ, მიუნხენელებს "სამეფო კლუბთან" ჰქონდათ წარუმატებელი სერია, რომელიც მოიცავდა 6 წაგებასა და 2 ფრეს, მაგრამ ამ ყველაფერს წერტილი პირველ 1/4 ფინალურ შეხვედრაში დაესვა.
არსენალი V სპორტინგი (1:0) | 23:00
ამ წყვილში ფავორიტად მოიაზრებოდა არსენალი, რომელმაც ეს სტატუსი პირველ მატჩში განამტკიცა კიდეც. მართალია, პრემიერ ლიგის ლიდერს არ ჰქონია მარტივი გასეირნება, მაგრამ ფაქტია, საპასუხო შეხვედრას, თანაც შინ, ლონდონელები 1-ბურთიანი ფორით ხვდებიან. "მეთოფეთა" მხრიდან ის ერთადერთი გოლი კაი ჰავერცმა შეაგდო.
შეგახსენებთ, რომ ემირეიტსის ბინადრებსა და სპორტინგს შორის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის ატლეტიკოს შეხვდება. ეს იქნება აღნიშნული კლუბების მე-9 დუელი, იქამდე კი გვხვდება 4 მოგება არსენალის მხრიდან და მხოლოდ 1 ლისაბონელების, 3 თამაში ფრედ დასრულდა.
"ლომებმა" თავიანთი ერთადერთი გამარჯვება ლონდონური გუნდის წინააღმდეგ მოიპოვეს ევროპა ლიგის 2022/2023 წლების სეზონის მერვედფინალში, 11-მეტრიანების სერიაში. ბოლოს კი დანაკლისზეც ვისაუბროთ, "მეთოფეებს" არ ეყოლება მიკელ მერინო, ჟოზე ალვალადეს მკვიდრებს კი ნუნო სანტოსი და ფოტის იოანიდისი.









